პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის ორგანოებს მიმართავს, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.
“მინდა, შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე”, თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, თუმცა არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალება არავის ექნება.
“ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ”, თქვა მამუკა ბახტაძემ.
მომხმარებელს პურის შესაძენად დღეიდან 10-15 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს.
გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.
“არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.”ფქვილი დიდი ხანია, გაძვირებულია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,”-აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები.