მანჩესტერ იუნაითედის ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ გადასახადების დამალვა აღიარა. მას ესპანეთის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობას გადაურჩა და სანაცვლოდ მსხვილი ჯარიმა გადაიხადა.
ესპანეთში ორ წლამდე პატიმრობამისჯილ ადამიანებს, რომლებსაც ბრალად არაძალადობრივი დანაშაული ედებათ ციხეში იშვიათად უშვებენ. ციხის ნაცვლად მაურინიო 182 500 ევროს ღირებულების ჯარიმას დაუმატებს მანამდე უკვე დაკისრებულ ჯარიმას – 2 მლნ ევროს.
მაურინიოს ბრალად ედებოდა 2011 – 2012 წლებში ესპანეთის ბიუჯეტში 3.3 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების არგადახდაში. ეს ის პერიოდია, როცა ის მადრიდის რეალის მწვრთნელად მუშაობდა.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რამდენიმე კომპანია დააფუძნა და სწორედ ამ კომპანიების ანგარიშებზე ირიცხებოდა მისი ფოტოების გამოყენების უფლების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.
ბრალდების მტკიცებით მაურინიოს მიზანი ესპანეთის საგადასახადო ინსპექციისგან მისი შემოსავლების დამალვა იყო. ხანმოკლე სასამართლო მოსმენის შემდეგ პროკურატურამ და მაურინიომ საპროცესო გარიგება დადეს.