1950-2019 წლის პერიოდების გაანალიზების შემდეგ მსოფლიო მეცნიერთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა 2019 წელს 0.007 გრადუს ცელსიუსით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალო ტემპერატურა 1981–2010 წლებში.
ეს შეიძლება უმნიშვნელო დათბობად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ოკეანეების უზარმაზარ მოცულობას, ეს მცირედი მატებაც სითბოს უზარმაზარ ნაკადს გამოიწვევს, რომელიც 228 სექსტილიონი ჯოულის ექვივალენტია. მეცნიერების დასკვნები ამ თემაზე გამოცემა journal Advances in Atmospheric Sciences–ში გამოქვეყნდა.
საკმაოდ რთული ციფრების კონტექსტუალიზაციისთვის კვლევის მონაწილე ერთ–ერთმა მეცნიერმა სცადა მათემატიკურად ამ მოცემულობის ათვლის წერტილად აფეთქების ძალა აეღო და ის 1945 წელს ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობისთვის შეედარებინა.
მეცნიერის განცხადებით ატომური ბომბი ხიროსიმაში 63 000 000 000 000 ჯოულის ტოლი ენერგიით აფეთქდა.
იმ სითბოს მოცულობა კი, რასაც ჩვენ მსოფლიო ოკეანისკენ მივმართავთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, 3.6 მილიარდი ხიროსიმას ბომბის ტოლია.
ეს საშუალოდ ოთხი ხიროსიმას ატომური ბომბია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ყოველდღიურად, ყოველ ერთ წამში ხვდება ოკეანეში. თუმცა უფრო საგანგაშო ის არის, რომ მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.
თუ ატომური ბომბის ერთეული შედარებისთვის მეტისმეტად აბსტრაქტულ ერთეულად გეჩვენებათ, 2019 წელს ოკეანისკენ მიმართული სითბოს ნაკადის სხვა ექვივალენტს შემოგთავაზებთ: წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს მუდმივად 100 თმის საშრობი ფენი აქვს ოკეანისკენ მიმართული.
მეცნიერები ნაკლებად ტექნიკური ტერმინითაც გვიხსნიან, რომ ოკეანისკენ მიმართული ტონობით ენერგია უდიდეს გავლენას ახდენს გარემოზე. ყინული უფრო სწრაფად დნება და ზღვის დონის აწევას იწვევს. დელფინები და ზღვის სხვა ბინადრები იხოცებიან, იმიტომ რომ შეცვლილ გარემოსთან ადაპტირებას ვერ ახერხებენ. პლანეტაზე უარყოფით გავლენას ახდენს ტემპერატურის გამო ოკეანის ზედაპირიდან ატმოსფეროში აორთქლებული წყლის რაოდენობაც.
ამის გამო ქარიშხლები და ტაიფუნები უფრო ძლიერდება, წვიმები კი უფრო ინტენსიური ხდება – ამბობენ კვლევის ავტორები.
მეცნიერები მოგვიწოდნებენ გვახსოვდეს, რომ დაყოვნების ყოველი წამი, რომელიც ხელს უშლის გადამწყვეტი ზომების მიღებას სიტუაციის გამოსასწორებლად, მძიმე შედეგებს აახლოვებს.