მერია თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ ღია კაფე-ბარებს 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისგან  იჯარით აღებულ მიწებზე მოწყობილი ღია კაფე–ბარების მფლობელი ბიზნეს ორგანიზაციები  2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი აზრით ეს გადაწყვეტილება მეწარმეებს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. თბილისში 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. 

„მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.

აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ.“–აცხადებს კალაძე.