ქურდებმა ფორმულა 1–ის ყოფილი შეფის, მილიარდერ ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილის, თამარა ეკლსტოუნის სახლიდან 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის (67 მილიონი დოლარის) ღირებულების იუველირული ნაწარმო მოიპარეს.
ქურდობა პარასკევს მოხდა. როგორც ტაბლოიდი Sun წერს, მოპარულ სამკაულებს შორის არის მამის საქორწილო საჩუქარი, Cartier-ს სამაჯური, რომლის ღირებულება 80 ათასი ფუნტია.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით ჯერჯერობით ძარცვის გამო არავინ დაუკავებიათ.
პოლიცია ადასტურებს, რომ სახლში ქურდებმა შეაღწიეს, სახლის დაცვა კი ამ საკითხში გამოძიებასთან თანამშრომლობს.
“თამარა ეკლსტონს და მისი ოჯახის წევრებს არაფერი დაშავებიათ. თუმცა, ბუნებრივია ის შოკშია მომხდარის გამო“ – ამბობს მოდელის პრეს მდივანი.
პოლიცია პარასკევს საღამოს 23 საათზე გამოიძახეს. “ჩვენ შეგვატყობინეს, რომ სახლიდან მოპარულია ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები“ – ამბობს ლონდონის პოლიციის პრეს მდივანი.
მოდელმა თამარა ეკლსტოუნმა ფორბსის მონაცემებით ლონდონის ცენტრალურ, ფეშენებელურ რაიონში, კენსინგტონში სახლი 2011 წელს 45 მილიონ ფუნტად იყიდა. სახლში 55 ოთახია. ეკლსტოუნმა სახლის რემონტში მილიონობით ფუნტი სტერლინგი დახარჯა. ამჟამად სახლში განთავსებულია კერძო ღამის კლუბი, ბოულინგ კლუბი, აუზი, სილამაზის სალონი, სპა ცენტრი ძაღლებისთვის და ლიფტი ავტომობილებისთვის.