კოლუმბიელი პაბლო ესკობარი და მექსიკელი ჰოაკინ გუსმანი მეტსახელად ელ ჩაპო უკვე შევიდნენ ისტორიაში, როგორც ნარკობიზნესის ნამდვილი მეფეები. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ესკობარის სიკვდილთან და გუსმანის დაპატიმრებასთან ერთად გავლენიანი ნარკობარონების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.
ორივე ლათინოამერიკელმა თავისი სისასტიკის, სიმდიდრის და ეშმაკობის წყალობით უზარმაზარი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიდერის სახელი მოიპოვა.
ესკობარი და ელ ჩაპო თავისი ეპოქის – 20 საუკუნის ბოლოს და 21–ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე ძებნადი დამნაშავეები იყვნენ და მათ კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყნებში, არამედ აშშ–შიც.
ორივემ მოახერხა ციხიდან გაქცევა. ორივე შედიოდა Forbes –ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში , ორივე დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა კონკურენტი კარტელების წინააღმდეგ. მათი ცხოვრების ისტორია მრავალ წიგნში, ფილმში და ტელესერიალშია მოთხრობილი.
თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც მათ აერთიანებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ესკობარი და გუსმანი თითქმის ბოლო წარმომადგენლები არიან იმ ტიპის ნარკობარონებისა, რომელთა მსგავსი მსოფლიოში ქრება. ესკობარი 1993 წელს მოკლეს, გუსმანი კი ამერიკის ციხეში მეორე სამუდამო პატიმრობის განაჩენს ელოდება. კრიმინალური სამყაროდან მათი წასვლით ცენტრალიზებული ნარკოკარტელების და ლეგენდარული ლიდერების ეპოქა სრულდება.
პოპულარობის ფასი
ესკობარის და ელ ჩაპოს მსგავსი კრიმინალური ლიდერების თანდათანობით გაქრობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.პირველ რიგში, ძნელია ახალი ნარკობარონების წარმოდგენა, რომლებიც ამდენ საზოგადოებრივ ყურადღებას მიიპყრობდნენ, რაც ესკობარმა და ელ ჩაპომ მოახერხეს.მათმა ცნობადობამ და გარკვეულწილად პოპულარობამაც კი მათ შესახებ არაერთი ლეგენდის შექმნა გამოიწვია და მრავალი სერიოზული პრობლემაც შეუქმნა.
ადვოკატის განცხადების კონტექსტი ის იყო, რომ საჯაროობის გამო ჰოაკინ გუსმანის, ანუ ელ ჩაპოს გარშემო უამრავი მითი შეიქმნა და ყურადღების ცენტრში მოხვდა იმ დროს, როცა ისმაელ მაიო სამბადა, რომელსაც აშშ–ს ხელისუფლება ელ ჩაპოსთან ერთად სინალოას ნარკოკარტელის მეთაურობაში სდებდა ბრალს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან ისეთივე გავლენიანი და ცნობილი არ იყო, როგორც ელ ჩაპო.
კოლუმბიური ფონდის – “იდეები მშვიდობისთვის“ ექსპერტი და აშშ–ს ვუდრო ვილსონის ფონდის თანამშრომელი, ხუან კარლოს გარსონი ამბობს, რომ კრიმინალურ სამყაროში “მოდა“ იცვლება და სახელოვანი ლიდერების დრო წარსულს ბარდება. “კრიმინალური სტრუქტურები სულ უფრო ხშირად დებენ ფსონს ნაკლებად ცნობილ ლიდერებზე, რადგან მათი მიზანია კრიმინალური საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. ლიდერის პოპულარობა კი მათ წინააღმდეგ მუშაობს“ – ამბობს ხუან კარლოს გარსონი.
მოძველებული მოდელი
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეისათვის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებები ლათინურ ამერიკაში თანდათანობით ცდილობენ უარი თქვან ცენტრალიზებული, ვერტიკალურად ინტეგრიგებული კარტელის მოდელზე სათავეში ერთი გავლენიანი ლიდერით.
მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების დანაწევრების ტენდენცია ნაწილობრივ ხელისუფლებების მხრიდან მზარდი ზეწოლით აიხსნება, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ინფორმაცია და ტექნიკური რესურსები აქვთ ნარკომოვაჭრეთა დევნისთვის.
მაგალითად, გუსმანის სასამართლოზე ერთ–ერთი მთავარი სამხილი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაშიფრული ზარები და მესიჯები იყო, რომელთა საშუალებით ის თავის დანაშაულებრივ ორგანიზაციას მართავდა. გუსმანი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
“შესაძლოა დაჯგუფებები უფრო რეგიონულებად იქცნენ, საერთაშორისო ცნობადობის ნარკობარონების გარეშე, რომლებიც ტელესერიალების გმირები ხდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოკალურ დონეზე ძლიერი ლიდერები არ იკვეთებიან“– ამბობს ექსპერტი.
ეს ყველაფერი ცხადყოფს, რატომ არის რომ ელ ჩაპოს დაკავებისა და ექსტრადიციის შემდეგაც კი აშშ–ში ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, მექსიკაში კი ასევე რეკორდულია მკვლელობების მაჩვენებელი.