ცნობილი მოდელი, ნაომი ქემფლები დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ განსაკუთრებით ზრუნავს ბაქტერიებისგან თავის დაცვაზე და ყველას ამისკენ მოუწოდებს მაშინაც კი, როცა მსოფლიოში რაიმე მომეტებული რისკი და ეპიდემია არ არსებობს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამას მოგზაურობის დროს ანიჭებს და მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას.
გასულ წელს სუპერმოდელმა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ფრენისწინა ინტენსიური სანიტარული რიტუალია ასახული. მოდელი ყველფერს, რაც თვითმფრინავში მის გარშემოა ანტიბაქტერიული ხელსახოცით წმენდს, სავარძელზე კი საკუთარ პლედს აფარებს.
ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა 49 წლის მოდელი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებზე გადავიდა. ამ დღეებში მოდელმა გამოაქვეყნა ლოს ანჯელესის აეროპორტში გადაღებული რამდენიმე ფოტო სპეცკომბინიზონში, დამცავ სათვალეში, ნიღაბში და ლატექსის ხელთათმანებში. ფოტო თვითმფრინავში ჩაჯდომამდეა გადაღებული. მოდელი ლოს ანჯელესიდან სახლში, ნიუ იორკში დაბრუნდა. ცოტა ხანში კი საკუთარ youtube არხზე ამ მოგზაურობის მოკლე ვიდეოც დადო. ამ ეტაპზე მისი ლოზუნგია: “სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა. შემდეგი დონე.“
მოდელის საქციელმა მისი ინსტაგრამ ხელმომწერების ნაწილის მოწონება დაიმსახურა, ნაწილმა კი ბრალი დასდო, რომ მისი სანახაობით თითქოს მსუბუქად წარმოაჩინა ის ტრაგედია, რაც მსოფლიოს გარშემო ხდება.