ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზება:მსახიობი გიორგანაშვილი გამართლდა, მეორე პირს 15 წელი მიუსაჯეს

{{ARTICLEIMAGE}}

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ამავე ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება რადიო თავისუფლება.


2017 წელს დაკავებული გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის. მას 2018 წლის იანვარში სასამართლომ მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. 2018 წლის აპრილში, შსს-მ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების თანამშრომლებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.