NATO-მ ისტორიაში პირველად სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა

ისტორიაში პირველად, NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით,   გააქტიურებულია მოკავშირეების სახმელეთო, საჰარეო, საზღვაო და სპეციალური საოპერაციო ძალები რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად განლაგდნენ ალიანსის დასაცავად. 

“გუშინ, NATO-ს მოკავშირეებმა აამოქმედეს ჩვენი თავდაცვის გეგმა და შედეგად ჩვენ გადაგვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების დანაყოფები მიწაზე, ზღვასა და ჰაერში, რათა გავამაგროთ ჩვენი პოზიცია და ვუპასუხოთ სწრაფად ყველა ვითარებას. აშშ-მ, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე გადაიყვანეს დამატებით ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სრულ მზადყოფნაში, რომლებიც ახლა 30 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. ასევე მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფებიც. არ უნდა არსებობდეს სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო ჩვენი მოკავშირეებისა და NATO-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად.

დღეს ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. კრემლს სურს რომ ნატომ და ევროკავშირმა თავის პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინაში იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაგზავნას.