ამერიკული ტელეკომპანია NBC News წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდს ჯერ არ წარუდგენია უკრაინისთვის გეგმა რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, თუმცა აქტიურ კონსულტაციებს მართავს როგორც კიევთან, ასევე მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის მრჩევლებსა და მისი კაბინეტის მომავალ წევრებს კონფლიქტის გადაჭრის მეთოდებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ .
ტრამპი, რომელიც ადრე პირობას დებდა, რომ ომს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს დაასრულებდა, ასევე არ ამხელს დეტალებს. ჟურნალისტებთან ბოლო საუბარში მან დაადასტურა, რომ აქტიურად მუშაობს ომის დასრულებაზე, მაგრამ უარი განაცხადა მეტი დეტალის გამჟღავნებაზე, რათა „მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალოს“.
მან ასევე არ უპასუხა კითხვას, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნოემბერში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. NBC News-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, „ტრამპი სერიოზულად უდგება მიზანს, რომ პირველივე დღეს მიაღწიოს ზავს“.
სტატიის ავტორების ცნობით, ტრამპის გუნდს „ჯერ არ გაუგზავნია პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობისთვის რაიმე პოტენციური გეგმა“.
„თუმცა, ბოლო შეხვედრები და საუბრები ზელენსკის, ტრამპსა და მათ მრჩევლებს შორის კონსტრუქციული იყო, მათ შორის პირადი შეხვედრა პარიზში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოაწყო,“ — ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამასთან, ტრამპის გუნდმა უარი თქვა პასუხზე, ხომ არ გადმოსცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირემ, ვიქტორ ორბანმა, რაიმე შეტყობინება არჩეულ პრეზიდენტს ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში, ბოლო ვიზიტის დროს, წერს NBC News.