ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის „შეკვეცა“ დააანონსა, თუმცა მედია ახალი ძალების გაგზავნაზე წერს

spot_imgspot_img

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე დასრულდეს ირანის წინააღმდეგ ოპერაცია, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა სამი კვირის წინ დაიწყეს. ამავე დროს, მედია იუწყება, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში გზავნის სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს, ხოლო თეირანმა საშუალო რადიუსის ორი რაკეტა გაუშვა აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის — დიეგო გარსიას მიმართულებით, რომელიც ირანიდან თითქმის 4 ათასი კილომეტრით არის დაშორებული.მედიის ცნობით, ეს წარუმატებელი შეტევა განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი აშშ-ს მიერ მისი ბაზების გამოყენების შესაძლებლობებს გააფართოებდა.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ამიტომ განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შეკვეცის შესაძლებლობას“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე არ მსურს ზავის დადება“. „ზავს არ დებენ მაშინ, როცა ფაქტობრივად ანადგურებენ მეორე მხარეს“, — აღნიშნა მან.

შაბათის ღამეს ისრაელმა ახალი დარტყმები მიიტანა თეირანსა და ბეირუთზე. საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და ისრაელმა კვლავ განაცხადეს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათის შეტევების წინ მათ გაავრცელეს ევაკუაციის გაფრთხილება ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების შვიდ რაიონში. პარასკევს ისრაელმა ორი მასშტაბური ავიადარტყმის ტალღა მიიტანა თეირანსა და ცენტრალურ ირანზე, ხოლო თავად ისრაელი ირანის მხრიდან მრავალრიცხოვანი სარაკეტო შეტევების სამიზნე გახდა.

პოლიციის ინფორმაციით, პარასკევს ირანული რაკეტის ნამსხვრევები იერუსალიმის ძველი ქალაქის მახლობლად ჩამოვარდა — ეს ადგილი წმინდაა ქრისტიანებისთვის, იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში

„ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს დაცული და კონტროლირებადი იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც მას იყენებენ — შეერთებული შტატები ამას არ აკეთებს!“ — დაწერა ტრამპმა.

„თუ მოგვმართავენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს საჭირო აღარ უნდა იყოს, როდესაც ირანის მხრიდან საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთვის ეს რთული სამხედრო ოპერაცია არ იქნება.“

აშშ-ის პრეზიდენტი უკვე ერთ კვირაზე მეტია ცდილობს საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის საბრძოლო ხომალდებს გაგზავნის. 28 თებერვლამდე სწორედ ამ სრუტით გადიოდა მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი.

შაბათისთვის სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი შეუერთდნენ განცხადებას „მზადყოფნის შესახებ, შეიტანონ წვლილი სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში“. თავდაპირველად განცხადებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და იაპონიის ლიდერებმა, შემდეგ კი შეუერთდნენ კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დანია, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და ლიტვა.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და როდის. გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ პირველ რიგში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ტრამპთან საუბარს შაბათ-კვირას გეგმავს.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ ირანი მზად არის დაუშვას ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გავლა. ამის შესახებ სააგენტო Kyodo-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განუცხადა. როგორც Reuters აღნიშნავს, იაპონია თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს სწორედ ამ სრუტის გავლით იღებს.

არაღჩის განცხადებაზე პასუხად იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა Kyodo-ს უთხრა, რომ „ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები ბლოკადის მოხსნის ყველაზე ეფექტური გზაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ მოხდეს აშშ-ის პროვოცირება და დაამატა, რომ თუნდაც იაპონურ გემებს სრუტეში გადაადგილების უფლება მიეცეთ, ეს მიმდინარე ენერგეტიკულ კრიზისს სრულად ვერ მოაგვარებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ცდილობს მიწოდების გაზრდასა და ფასების შემცირებას, განაცხადა, რომ 30 დღით გააუქმებს სანქციებს, რათა შესაძლებელი გახდეს ირანული ნავთობის — დაახლოებით 140 მილიონი ბარელის  გაყიდვა, რომელიც ომის გამო ტანკერებში იყო გაჭედილი. მანამდე ვაშინგტონმა ერთი თვით შეაჩერა სანქციები მსგავსი მოცულობის რუსულ ნავთობზეც.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა X-ზე დაწერა, რომ ირანს გაუჭირდება ამ შემოსავლებზე წვდომა, რადგან ლიცენზია „მკაცრად შემოიფარგლება უკვე გზაში მყოფი ნავთობით და არ ითვალისწინებს ახალ შესყიდვებს ან მოპოვებას“.

„ფაქტობრივად, ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ფასების ზრდა შევაკავოთ“, — განაცხადა მან.

მედია წერს ამერიკული სამხედროების გადაგზავნაზე

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონი დამატებით გზავნის ახლო აღმოსავლეთში სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს.

სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ რეგიონში გაიგზავნება დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი, ასევე სადესანტო ხომალდი Boxer და მასთან დაკავშირებული საბრძოლო გემები.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ტრამპი გასცემს ბრძანებას სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე, თუმცა მხოლოდ 7% უჭერს ასეთ ნაბიჯს მხარს.

მანამდე Reuters-ის წყაროები ამბობდნენ, რომ შესაძლო სამიზნეებად განიხილება ირანის სანაპირო ან კუნძული ხარკი, რომლის გავლით ექსპორტდება ირანის ნავთობის დაახლოებით 90%. მათი თქმით, ჯარების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ხუთშაბათს ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ „ჯარებს არსად აგზავნის“ და დაამატა: „რომც ვაკეთებდე ამას, თქვენ ნამდვილად არ გეტყოდით“.

CBS-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები უკვე დეტალურად ემზადებიან ირანში შესაძლო სახმელეთო ძალების გადასროლისთვის. არხის წყაროების მიხედვით, პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკვე აყენებენ კონკრეტულ მოთხოვნებს მსგავსი ოპერაციების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამუშავებს სტრატეგიებს ირანის ბირთვული მასალების ამოსაღებად — CBS-ის ცნობით, გეგმები ფოკუსირებულია სპეციალური ოპერაციების ერთობლივი სარდლობის ძალების შესაძლო გამოყენებაზე.

ბრიტანეთმა აშშ-ს მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

პარასკევს ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს მისცა ნებართვა გამოიყენოს ბრიტანეთში არსებული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო დანადგარებზე დარტყმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემებს უტევენ.

დაუნინგ-სტრიტის განცხადებით, პარასკევს მინისტრები შეიკრიბნენ ირანთან ომისა და სრუტის ბლოკირების საკითხის განსახილველად.

„მათ დაადასტურეს, რომ აშშ-ის მიერ ბრიტანული ბაზების გამოყენების შეთანხმება რეგიონში კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში მოიცავს თავდაცვით ოპერაციებს ირანის სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ და იმ შესაძლებლობების შესუსტებას, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ლონდონი აშშ-ს აძლევდა უფლებას გამოეყენებინა ბაზები მხოლოდ იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების თავიდან აცილებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ბრიტანულ ინტერესებს ან ადამიანთა სიცოცხლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს, როცა აშშ-ს აძლევს უფლებას გამოიყენოს ბრიტანული ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“.

ომის დასაწყისში სტარმერმა უარი თქვა აშშ-ის თხოვნაზე, ბრიტანული ბაზები გამოეყენებინათ ირანზე დარტყმებისთვის და განაცხადა, რომ საჭირო იყო სამხედრო მოქმედებების კანონიერების შეფასება. თუმცა მოგვიანებით მან შეცვალა პოზიცია, მას შემდეგ რაც ირანმა დარტყმები მიიტანა ბრიტანეთის მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთში. შედეგად, აშშ-ს მიეცა უფლება გამოიყენოს RAF Fairford-ის ავიაბაზა ინგლისში და დიეგო გარსია — ამერიკა-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ინდოეთის ოკეანეში.

თეირანის შეტევა დიეგო გარსიაზე

ამავე დროს, Wall Street Journal წერს, რომ ირანმა ორი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა დიეგო გარსიის ბაზის მიმართულებით, რომელიც ირანის სანაპიროდან თითქმის 4 000 კილომეტრით არის დაშორებული. წყაროების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ხოლო მეორე ამერიკულმა გამანადგურებელმა SM-3 ტიპის გადამჭერი რაკეტით გაანეიტრალა.

დიეგო გარსიას ავიაბაზა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტია აშშ-ისთვის — აქ განთავსებულია მძიმე ბომბდამშენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის გამოიყენება. BBC-ის ცნობით, ირანმა მართლაც გაუშვა რაკეტები ამ ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული ბაზის მიმართულებით.

შეტევა წარუმატებელი იყო და განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი ოფიციალურად გააფართოებდა აშშ-ის მიერ თავისი ბაზების გამოყენებას. CNN-ის ცნობით, რაკეტები პარასკევს დილით გაუშვეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა:

„ბრიტანელთა უმრავლესობას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ისრაელისა და აშშ-ის ომში ირანის წინააღმდეგ. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს.“

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია დიეგო გარსიაზე რაკეტების გაშვების შესახებ. „ირანის უპასუხისმგებლო თავდასხმები, რომლებიც მთელ რეგიონს აზარალებს და ჰორმუზის სრუტეს მძევლად აქცევს, საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ინტერესებსა და მის მოკავშირეებს“, — განაცხადეს სამინისტროში.

ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბრიტანული ბაზიდან უკვე განახორციელა ბომბდამშენების გამოყენებით დარტყმები.

აშშ-ის პრეზიდენტი ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ აკრიტიკებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ ის არ უჭერდა მხარს ირანის წინააღმდეგ ოპერაციას. წინა დღეს ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო, წევრი ქვეყნები კი „მშიშრებად“ მოიხსენია.

„აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! — დაწერა მან Truth Social-ზე. — ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელსაც იხდიან, მაგრამ არ სურთ დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის გახსნას — ეს ხომ მარტივი სამხედრო ოპერაციაა. მშიშრები არიან, და ამას დავიმახსოვრებთ“, — თქვა ტრამპმა.

ხამენეის მიმართვა

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ნოვრუზთან — სპარსულ ახალ წელთან — დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს მისი ცხრა გვერდიანი წერილობითი გზავნილი, რომელიც ასევე ირანულ მედიაში გამოქვეყნდა, იუწყება BBC-ის სპარსული სამსახური.

ხამენეის თქმით, ირანმა წელს სამი ომი გადაიტანა: ივნისში — ისრაელთან, მიმდინარე ომი და მესამე — პროტესტებთან დაკავშირებული დაპირისპირება, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მან თავისი მამის, ალი ხამენეის 28 თებერვლის გარდაცვალება „მოწამებრივი სიკვდილის ტრაგედიად“ და „საყვარელი ლიდერის“ დაკარგვად შეაფასა.

ხამენეი-უმცროსმა, რომელიც საჯაროდ აღარ გამოჩენილა იმ დროიდან, რაც ისრაელის შეტევის შედეგად მისი მამა დაიღუპა, განაცხადა, რომ ირანელებმა ერთიანობითა და წინააღმდეგობით უპასუხეს და „მტერს დამაბნეველი დარტყმა მიაყენეს“.

აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ხამენეის ეს მიმართვა კითხვებს აჩენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ტრადიციულად მისი მამა ნოვრუზს ვიდეომიმართვით აღნიშნავდა.

დარტყმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შაბათს დილით ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნატანზის ბირთვული ობიექტი კვლავ გახდა შეტევის სამიზნე.

ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარდა „ტექნიკური და სპეციალიზებული შეფასებები“ რადიაციული დაბინძურების შესახებ და შედეგების მიხედვით „რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ  განაცხადა, რომ თეირანმა დაადასტურა ობიექტზე შეტევა.

მარტის დასაწყისშიც ირანი უკვე აცხადებდა ნატანზზე დარტყმის შესახებ. ივნისში აშშ-მ ბომბები ჩამოყარა სამ ბირთვულ ობიექტზე — ნატანზში, ფორდოში და ისფაჰანში — რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეტევები „სრულად ანადგურებდა“ ირანის ბირთვულ პროგრამას.

ამავე დროს, ერაყში დრონის დარტყმის შედეგად დაზვერვის სამსახურის შტაბზე ერთი ოფიცერი დაიღუპა, იუწყება AFP და Reuters. ბაღდადში მდებარე ობიექტი შაბათს დილით გახდა შეტევის სამიზნე.

spot_imgspot_img

პოპულარული

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის...

ირანის მუქარის გამო ტრამპმა ანკარა სხვა თვითმფრინავით დატოვა-აეროპორტში კი ბორტის კვების ფურგონით გადაადგილდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისის დასაწყისში, ანკარაში NATO-ს სამიტის...

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას...
spot_img

ყველა ამბავი

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...

„ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმე: აშშ-ის სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სანქცირებული ნავთობტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella 1) კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძეს. 47...

კრიზისი სოხუმში და პასუხი თბილისიდან: როგორ შევიდა ქართული საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონში საწვავი ენგურის ხიდის...

აზერბაიჯანი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გეგმავს — ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყება სურს. ამის ერთადერთი მარშრუტი კი საქართველოსა და...

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

5 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის მიზნით გაგრძელდება მუშაობა იმ სისტემის დანერგვაზე,...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ...

“მნიშვნელოვანი უკუსვლა“– ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობაზე

ევროკავშირმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 2025 წელია მიმოხილული ქვეყნების მიხედვით, მათ შორის არის საქართველოც....

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. სად და რა პირობებით არის შესაძლებელი მათი შეძენა

შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და პირველ ეტაპზე მიღებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით...