Politico: დასავლეთი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმეზე კიევისა და მისივე წევრების პოზიციების სინქრონიზაციას ცდილობს

ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას, ისევე როგორც მათ ევროპელ პარტნიორებს, მეტი თავშეკავება გამოიჩინონ პოლონეთში აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, წერს ამერიკული გამოცემა Politico.

აშშ-ის ადმინისტრაციასა და დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ სატელეფონო საუბრების სერიის დროს აშშ-ს ოფიციალური პირები ნატოს მოკავშირეებსაც სთხოვდნენ, თავი შეიკავონ კატეგორიული განცხადებებისგან ვარშავაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე.

Politico-ს ცნობით, აღმოსავლეთ პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების საკითხზე უფრო მჭიდრო კოორდინაციის მოწოდება იმის გამო უწევს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის კომენტარები დასავლელი ლიდერების განცხადებებს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა დასავლელი მოღვაწეები მიდრეკილნი იყვნენ იმ ვერსიისკენ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გასროლილი. ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი, სამხედროების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებდა, რომ რაკეტა არ იყო უკრაინული.

ამის გამო, წერს Politico, ამერიკელი ოფიციალური პირები ოთხშაბათს იძულებულნი გახდნენ დაკავშირებოდნენ ნატოს ქვეყნების კოლეგებს და ეთქვათ, რომ ვაშინგტონის თქმით, საუბარია „რუსეთში წარმოებულ რაკეტაზე, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან არის ნასროლი“.

“საჭირო იქნება მისი დიდხანს დარწმუნება. მას ჯერ კიდევ არ უნახავს მტკიცებულებები”, – ამბობს დასავლელი ოფიციალური პირი ზელენსკის შესახებ.

Politico-ს ცნობით,ერთმანეთთან შეუთავსებელი განცხადებები აჩვენებს ერთ-ერთ პირველ მთავარ აზრთა სხვადასხვაობას ვაშინგტონსა და კიევს შორის. მათი ალიანსი თითქმის ცხრა თვის განმავლობაში ძირითადად  გადამწყვეტად მოქმედებდა და კოორდინირებულად ეხმარებოდა უკრაინას რუსეთის შეტევისგან დაცვაში.

აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ შეამცირონ აზრთა სხვადასხვაობის მნიშვნელობა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ეს ომი  მთელი ზამთარი გაგრძელდება, ნიშნავს, რომ შეიძლება  მეტი ასეთი ბზარები გაჩნდეს, და რომ მოსკოვს შეუძლია ამით ისარგებლოს–ასკვნის გამოცემა.