{{ARTICLEIMAGE}}მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის პირობებს, რომ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს არამხოლოდ საერთო ეროვნული, არამედ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.
“ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, თქვა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები იზრდება წლიდან წლამდე და ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება არც 2019 წლის ბიუჯეტი.
მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და, რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი”, თქვა მამუკა ბახტაძემ.