პუტინი და დეპარდიე ნიცის კარნავალზე

ყოველწლიურად ფრანგულ რივიერაზე, ნიცაში რამდენიმე დღიანი კარნავალი იმართება. ის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი და ბრაზილიისა და ვენეციის კარნავალების მსგავსად მსოფლიოში ყველაზე დიდია. ნიცის 135–ე კარნავალის ფარგლებში ექვსი აღლუმი ჩატარდება. ამ სანახაობამ მთელი მსოფლიოდან ათასობით მოცეკვავე და მუსიკოსი მიიზიდა. კარნავალი 2 მარტამდე გაგრძელდება.
კარნავალის ფარგლებში გამართულ ერთ–ერთ აღლუმში წელს სხვადასხვა ცნობილი ადამიანების უზარმაზარი თოჯინები მონაწილეობდნენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თოჯინა მსახიობ ჟერარ დეპარდიეს თოჯინასთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და განაცხადა, რომ მზად არის რუსეთისთვის მოკვდეს.

რა თქმა უნდა, აღლუმზე საფრანგეთის პრეზიდენტის თოჯინაც გამოვიდა, მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის თოჯინასთან ერთად.

აშშ–ს პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის თოჯინა კი უზარმაზარი ბოროტი კლოუნი იყო, რომელსაც ხელში საფრანგეთის პრეზიდენტის მომცრო თოჯინა ეჭირა.

კარნავალის კიდევ ერთი პერსონაჟი წელს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულებული ამერიკელი რეჟისორი ჰარვი ვაინშტეინი იყო.

“კინოს მეფის“ თემატიკით კარნავალზე ჩარლი ჩაპლინის თოჯინაც გამოჩნდა. ნიცაში წელს კინოსტუდია Victorine Studios –ს 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ეს არის მსოფლიო კინემატოგრაფის მექა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სადაც თავის ფილმებს იღებდნენ ჟან კოკტო, ალფრედ ჰიჩკოკი, ვუდი ალენი, მარსელ კარნე და ბევრი სხვა ცნობილი რეჟისორი .