{{ARTICLEIMAGE}}”ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულ-ევროპული” – ასეთი წარმოუდგენია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს, რომელიც ღონისძიებაზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობაშია.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. ინაუგურაცია ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება.
“დიდი მოწიწებით, სიყვარულით შევეცდები, გამოვიდეს კარგი ღონისძიება. დღეს მივიღეთ დასტური და უნდა დავიწყოთ სცენარზე მუშაობა. ვფიქრობ, რომ ისტორიულ ადგილზე ლამაზი სანახაობა გაიმართება”,-ამბობს ფოცხიშვილი.
დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
„გუშინ საღამოს დამევალა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონოდა თათბირი ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხების ორგანიზება ხელეწიფება. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია უკვე იმუშავებს სცენარზე და სხვა შესაძლო ღონისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ინაუგურაციის პროცესში. ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა.