როგორ აბანდებენ ინვესტიციებს მდიდრები


დიდი ბრიტანეთი

ფინანსების სამყარო იცვლება. მილიარდერები სულ უფრო მდიდრდებიან, შუამავლებისგან თავისუფლდებიან და საკუთარ “ოჯახურ ოფისებს“ ქმნიან. ამ ოფისების საშუალებით მდიდრები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 0.001%–ს მიეკუთნებიან თავად ახორციელებენ ინვესტირებას და გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ხდებიან, რომლის შესახებ ცოტას თუ სმენია. როგორ ახორციელებენ ინვესტირებას სუპერმდიდრები. ამ თემას “ეკონომისტმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ოჯახური ოფისები, რომელთა საშუალებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები საკუთარ სახსრებს აბანდებენ, გლობალური ფინანსური სისტემის ახალი ძალა ხდება. ამ სისტემის შესახებ ცოტას თუ სმენია.

გაიხსენეთ საინვესტიციო ბიზნესის ზედა ეშელონები და მაშინვე თვალწინ წარმოგიდგებათ პირქუში, ძველმოდური კერძო ბანკები სადღაც ჟენევაში ან ლონდონურ მეიფაერში მარმარილოს ვესტიბიულით და ქალაქგარე სახლების მსგავსი მოლაპარაკების ოთახით, რათა სუპერმდიდრებს თავი იქ ისე ეგრძნოთ, როგორც სახლში. თუმცა ასეთი სურათი უკვე მოძველდა. არსებობს უფრო ზუსტი სურათი: ასობით კერძო შუშის ოფისი კალიფორნიასა და სინგაპურში, რომლებიც ფულს კანადურ ობლიგაციებში, ევროპულ უძრავ ქონებაში და ჩინურ სტარტაპებში აბანდებენ. მათი ზე მდიდარი კლიენტები დღეს პოლიტიკურ შტორმში მთვარეულებივით შეაბიჯებენ ხოლმე.

ფინასების სამყარო იცვლება. მილიარდერები სულ უფრო მდიდრდებიან, შუამავლებს გვერდს უვლიან და საკუთარ “ოჯახურ ოფისებს“ ქმნიან. ეს არის კერძო საინვესტიციო ფირმები, რომლებიც გლობალურ ბაზრებზე კარგ შესაძლებლობებს ეძებენ. მათ ცოტა ვინმე თუ ამჩნევს, თუმცა საინვესტიციო ბაზრებზე სერიოზულ ძალად იქცნენ. მათ ხელში დაახლოებით ოთხი ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჰეჯ–ფონდები ფლობენ და მოცულობით მსოფლიოს ყველა საფონდო ბაზრის ღირებულების ექვს პროცენტს უტოლდება. პოპულიზმის ეპოქაში ოჯახური ოფისები შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამიტომაც ალბათ გაჩნდება უხერხული კითხვები იმის შესახებ, როგორ მოახერხეს საკუთარ ხელში ძალაუფლების თავმოყრა და რატომ თესავენ უთანასწორობას.

ეს სულაც არ არის ახალი იდეა. ჯონ როკფელერმა ხომ თავისი ოჯახური ოფისი ჯერ კიდევ 1882 წელს შექმნა. მაგრამ ამ საუკუნეში მათი რაოდენობა ბევრად გაიზარდა. ამერიკაში, ევროპაში, ასევე სინგაპურის და ჰონკონგის მსგავს აზიურ ფინანსურ ცენტრებში ასეთი ოფისები ხუთიდან ათი ათასამდეა. მათი მთავარი ამოცანა ფინანსური აქტივების მართვაა, მაგრამ უფრო მსხვილი ოჯახური ოფისები, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული: საგადასახადო, იურიდიული საქმიანობით და ხანდახან მაღალკომპეტენტური სახლთუხუცესის ფუნქციაც კი შეუძლიათ შეითავსონ – კერძო თვითმფრინავი შეუკვეთონ ან შინაურ ცხოველებს მოუარონ.

ასეთი ფირმები ძალიან ძვირია, ამიტომაც მათ შექმნას მხოლოდ მათთვის აქვს აზრი, ვისი ქონებაც 100 მილიონ დოლარს აჭარბებს, ანუ მსოფლიო პირამიდის 0.001 პროცენტისთვის. თავის საკუთარ სამთავროებს ქმნიან აზიელი მაგნატები, როგორიც არის მაგალითად ჯეკ მა (Jack Ma) კომპანია “ალიბაბადან“. დასავლეთში ყველაზე მსხვილ ოჯახურ ოფისებს, ისეთებს, როგორიც ინვესტორმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა შექმნა, და როგორებიც მილიარდებს განკარგავენ, უოლ სტრიტულ ფირმებზე ნაკლები ძალაუფლება და გავლენა არ აქვთ. ეს ოფისები კონკურენციას უწევენ ბანკებს და საინვესტიციო კომპანიებს და ზოგჯერ მთლიან ფირმებსაც ყიდულობენ.

ნებისმიერი საინვესტიციო ბუმი იმ საზოგადოების ანარეკლია, რომელმაც ის შექმნა. მოკრძალებული საპაიო ფონდები 1970–იან წლებში ამერიკული საშუალო კლასის 20 წლიანი კეთილდღეობის შემდეგ შეიქმნა. ოჯახური ოფისების გაძლიერება კი უთანასწორობის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს. 1980 წლიდან მსოფლიო სიმდიდრის წილი, რომელსაც მოსახლეობის 0.001% განაგებს სამიდან რვა პროცენტამდე გაიზარდა. დივიდენდების ან პირველადი აქციების განთავსებიდან მოგების მიღების შემდეგ ოჯახური ფირმების დამფუძნებლები როგორც წესი მიღებული თანხების ხელახალ ინვესტირებას ახორციელებენ. თუმცა ფინანსური კრიზისის შემდეგ გარე საინვესტიციო მენეჯერების მიმართ ნდობა შემცირდა. მდიდარმა კლიენტებმა იმ საკომისიოების დათვლა დაიწყეს, რომლებსაც კერძო ბანკებსა და მათ არაგონივრულ სტიმულებში იხდიდნენ და გადაწყვიტეს ამ მომსახურებაზე უარი ეთქვათ.

{{ARTICLEIMAGE}}

ეს ტენდენცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება. მილიარდერების რიცხვი ძველებურად იზრდება. გასულ წელს მილიარდერთა რიცხვს კიდევ 199 ადამიანი შეემატა. სამყაროს ახალ წესრიგში ის მეწარმეები, რომლებმაც თავისი ფირმები 1990 წლის შემდეგ შექმნეს, როცა მსოფლიოში მკვეთრი ზრდა იყო, დღეს საკუთარი აქციების გასაყიდად და აქტივების გასანაღდებლად ემზადებიან. ამერიკასა და ჩინეთში კი ახალგაზრდა ბიზნესმენებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან სულაც შესაძლოა თავისი კომპანიების აქციები ბაზარზე გამოიტანონ, რის შემდეგაც მათ ნაღდი ფულის ახალი მოცულობა გაუჩნდებათ, რომლის ხელახლა ინვესტირებასაც მოინდომებენ. ამიტომაც ფინანსურ სისტემაში ოჯახური ოფისების ავტორიტეტი და წონა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასეთი ზრდის პროცესში გაიზრდება ამ ფირმების წინააღმდეგ ბრალდებებიც, თანაც გეომეტრიული პროგრესიით. ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს მთავარი ბრალდება, რომ ოჯახური ოფისები უთანასწორობას ნერგავენ. ისინი შედეგია და არა მიზეზი. ამის მიუხედავად, წუხილები არსებობს და განგაშის მიზეზიც სახეზეა.

ჯერ ერთი, ოჯახურმა ოფისებმა შესაძლოა ფინანსური სისტემის მდგრადობას შეუქმნას საფრთხე. უკონტროლო მდიდრები და გაუმჭვირვალობა ბაზრებზე ძალიან საშიშია. 1998 წელს 100 მილიარდიანი ჰეჯ–ფონდი სახელწოდებით“კაპიტალის გრძელვადიანი მართვა “ გაკოტრდა, რომელიც სუპერმდიდარი ადამიანების ფულს განაგებდა. ამის კვალდაკვალ ლამის უოლ სთრითი ჩამოიშალა. ბევრი მდიდარი ადამიანი წამოეგო ბერნი მედოფის ანკესზე და მისი პირამიდით მოტყუვდა, რომელიც 2008 წელს დაიშალა. ამის მიუხედავად, თუ ამჟამინდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ოჯახურ ოფისებს უახლოეს მომავალში კატასტროფა არ ემუქრება. მათი დავალიანების ჯამური თანხა მათი აქტივების ღირებულების 17 პროცენტია, ამიტომაც მათი დავალიანების დონე გლობალური ბაზრების მოთამაშეებს შორის ლამის ყველაზე დაბალია. საბოლოო ჯამში მათ შესაძლოა მასტაბილიზირებელი გავლენაც კი მოახდინონ. მათი სახსრები ათწლეულების მანძილზე საქმეშია ჩადებული და ამიტომაც პანიკას ნაკლებად ექვემდებარებიან, ვიდრე ბანკები და ბევრი ჰეჯ–ფონდი.

მაგრამ განგაშს სხვა რამე იწვევს: ოჯახურმა ოფისებმა შესაძლოა ინფორმაციაზე, გარიგებებზე და საგადასახადო სქემებზე პრივილეგირებული წვდომა მიიღონ. ეს მათ საშუალებას მისცემს ჩვეულებრივ ინვესტორებზე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით ამის ნიშნები ნაკლებად არის. კვლევითი კომპანია Campden Wealth–ის მონაცემებით 2017 წელს საშუალოსტატისტიკური ოჯახური ოფისის მოგებამ 16% შეადგინა, 2016 წელს კი 7%. ამის მიუხედავად, მაგნატებს ყოველთვის კარგი კავშირები აქვთ. ოჯახური ოფისები მუდმივად რთულდება. ყოველ მესამეს მინიმუმ ორი ფილიალი აქვს, რის გამოც მათთვის უფრო ადვილია გადასახადებისგან თავის არიდება. ხარბი ბროკერები და ბანკები მზად არიან წითელი ხალიჩები გაუფინონ ოჯახურ ფირმებს და მათთან ისეთი გარიგებები დადონ, რომლებზეც უბრალო ინვესტორებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს ყველაფერი კი ოჯახურ ოფისებს უსამართლო უპირატესობას აძლევს და ისინიც საკუთარ პოზიციებს გაიმყარებენ, შემოსავლებში უთანასწორობის შედეგები კი ბევრად სერიოზული გახდება და კატასტროფას გამოიწვევს.

მდიდრები ისევ მუშაობენ პრინციპით “აკეთე თვითონ“

საჭიროა სიფხიზლე. და კიდევ გამჭვირვალობა. რეგულატორები, ფინანსთა სამინისტროები და საგადასახადო ორგანოები ჯერჯერობით მიუჩვევლები არიან ოჯახურ ოფისებთან ურთიერთობას და გამოცდილება არ აქვთ. მათ ისე უნდა მოახერხონ, რომ ამ ფირმებმა დახურული ინფორმაციის გამოყენებით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებისას წესები დაიცვან, რომ დილერები ერთნაირად ექცეოდნენ კლიენტებს და რომ საგადასახადო პარიტეტი დაცული იყოს. გარდა ამისა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ოჯახურმა ოფისებმა, რომელთა აქტივები მაგალითად 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნონ. მსოფლიოში, სადაც პრივილეგიებს და ლგოტებს დიდი ეჭვით უყურებენ, ოჯახური ოფისები გამჭვირვალობის ზრდით დაინტერესებულები უნდა იყვნენ. საპასუხოდ კი მათ უფლება უნდა მიეცეთ მშვიდად და დაუბრკოლებლად იმუშაონ. მათ შეუძლიათ ზოგიერთ აქტივების მმართველ კომპანიას დახმარებაც კი გაუწიონ და რამე ასწავლონ. ბევრი მათგანი ხომ იმას ფიქრობს, როგორ შეამციროს ხარჯები და როგორ გათავისუფლდეს შუამავლების მომსახურებისგან.

სტატიის ორიგინალი

https://www.economist.com/leaders/2018/12/15/how-the-0001-invest