როგორ გამოიყურება კლინტონების სახლი ვაშინგტონში.ჰილარიმ მედიას ფოტოგადაღების უფლება მისცა

ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ყოფილმა პირველი ლედიმ, ჰილარი კლინტონმა გამოცემა არქიტექტურული დაიჯესტის კორესპოდენტებს ვაშინგტონში საკუთარი სახლის კარი გაუღო და ფოტოების გადაღების უფლებაც მისცა. პარალელურად კი ამ სახლის შესახებ უამბო.
ჰილარი იხსენებს თავის პირველ შეხვედრას ამ სახლთან 2000 წელს, როცა ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდებოდა. ჰილარი კი სენატში აირჩიეს. ოჯახმა გადაწყვიტა ვაშინგტონში სახლი ჰქონოდათ.
“ეს იყო ემოციური რეაქცია. როცა 2000 წელს სენატში ამირჩიეს, ვიცოდი რომ დამჭირდებოდა საცხოვრებელი ადგილი წლის განმავლობაში სესიების პერიოდში.ავედი მესამე სართულზე, შევხედე ხეებს – ბრიტანეთის საელჩოს უკანა მხარეს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ ლონდონში ან ნიუ იორკში ვიყავი. ბაღები უბრალოდ გასაოცარი იყო. “– ამბობს ჰილარი კლინტონი.

რეზიდენცია სახელად უაითჰევენი ამავე დასახელების ქუჩის მშვიდ და წყნარ მონაკვეთში მდებარეობს, მასაჩუსეტსის ავენიუსთან ახლოს, ეგრეთწოდებულ საელჩოების რიგში, თეთრი სახლიდან 3 კილომეტრის დაშორებით. 2000 წელს კლინტონების ოჯახმა ამ სახლში 2 850 000 დოლარი გადაიხადა. სახლის ფართობი 511 კვადრატული მეტრია.

სახლი 1951 წელს არის აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კლინტონებმა 2003–2006 წლებში განახორციელეს.

სახლის რენოვაციაზე დიზაინერი როზმარი ჰოუვი მუშაობდა. ჰილარის მოთხოვნა იყო რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოსულიყო სახლში და რაც შეიძლება მეტი სივრცე დარჩენილიყო რელაქსაციისა და დასვენებისთვის. გარდა ამისა, ჰილარის სურდა სახლის ინტერიერი იმგვარად გაეხსნა, რომ ლამაზი უკანა ბაღი რაც შეიძლება მეტი კუთხიდან ყოფილიყო ხილული.

გამოცემის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს სახლის სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ნივთები– ფოტოები, თუ სხვა სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც კლინტონებმა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან თუ ცნობილი ადამიანისგან მიიღეს.

კლინტონების რეზიდენციას ვაშინგტონში შესანიშნავი ორანჟერეა და დიდი აუზი აქვს.