ბოლო ათწლეულების მანძილზე გრძელდება პროცესი, როცა დედამიწაზე ოკეანეები და მდინარეები პლასტმასით დღითიდღე უფრო ბინძურდება. ბოლო წლებში კი მეცნიერები იმ პრობლემებზე და საფრთხეებზე მუშაობენ, რასაც რომ პლასტმასი ადამიანის ორგანიზმს უქმნის. ის ადამიანის ორგანიზმშიც აღმოაჩინეს. რა საფრთხეს შეიცავს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
პლასტმასი დიდი ხანია ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არ იფიქროთ, რომ ის მხოლოდ ჭურჭელში და სათამაშოებშია და მას თავს იოლად ავარიდებთ. პლასტმასი შეიძლება იყოს ჩვენი ფეხსაცმლის ძირში, ტანსაცმლის ღილებზე, სათვალეში, კონტაქტურ ლინზებში, თუ სხვა აქსესუარებში, ტელეფონში, კომპიუტერში, ტელევიზორში, მაცივარში, სამედიცინო ხელსაწყოებში, სახლის, თუ სამსახურის შენობებში და ასე შემდეგ. პლასტმასის ბოჭკო იპოვეს გერმანიაში შემოწმებული ლუდის 24 სახეობაში, ასევე – თაფლში და შაქარშიც. საფრანგეთში ჯერ კიდევ 2 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ნაწილაკები ჰაერიდან თავზე ეცემოდათ და ამ ტოქსიკური ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 10 ტონას უდრიდა.
პლასტმასის ბოჭკო ახლა უკვე სასმელ წყალშიცაა, რომელიც ონკანიდან მოდის. მიკროპლასტმასით სასმელი წყლის მეტ-ნაკლები დაბინძურება ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც შეამოწმეს. მიკროპლასტმასს უწოდებენ პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკებს, რომელიც გარემოში ინდუსტრიული პროცესების შედეგად ხვდება.
სასმელი წყალი, როგორც „გარდიანი“ იუწყება, ხუთივე კონტინენტზე დაბინძურებულია. სახელმწიფოებს შორის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს, თუმცა დაბინძურება იქაც საგანგაშოა და პლასტმასი აღებული წყლის ნიმუშების 72%-ში იპოვეს.
94%-იანი, ყველაზე მაღალი დაბინძურება აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში. ამასთან, სასმელი წყლის ნიმუშების აღება ხდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის და ჯგუფის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში. მათ შორის იყო: ვაშინგტონის კონგრესის შენობები, გარემოს დაცვის სააგენტოს ოფისი, თუ ნიუ-იორკის ტრამპ-თაუერი. პლასტმასით სასმელი წყლის დაბინძურების მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს ლიბანი და ინდოეთი იყოფენ.
პლასტმასი ჩვენს ორგანიზმში მარტო წყლიდან და ჰაერიდან არ ხვდება. როგორც ირკვევა, ის ზღვის მარილშიც დიდი რაოდენობითაა. გაეროს მონაცემებით, ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონამდე ტონა პლასტმასი იყრება. ეს იმდენივეა, ყოველ ერთ წუთში, წყალში ერთი დიდი ნაგვის საბარგო მანქანა რომ ჩაიცალოს. წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, პლასტმასის ნარჩენების მთელი კუნძულია, რომელიც სიდიდით ტეხასის შტატს აღემატება.
კვლევებით ასევე დასტურდება, რომ პლასტმასი ნიადაგში კიდევ უფრო დიდი რაოდენობითაა. ამასთან, სხვადასხვა ადგილას მიწაში პლასტმასის შემცველობა ოკეანისას 4-ჯერ და მეტად, ზოგან 23-ჯერაც კი აღემატება.
მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ სახელმწიფოები კვების მრეწველობიდან პლასტმასის ნივთების ამოღებას ნებაყოფლობით იწყებენ. საფრანგეთმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად, იქ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება საერთოდ აიკრძალება. კანონი ძალაში საბოლოოდ 2020 წელს შედის. ქვეყანაში ასევე იკრძალება ცელოფნის პარკები, რომლის ხმარებიდან ამოღებას ბევრ სხვა სახელმწიფოშიც დიდი ხანია ცდილობენ კერძო სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები.
პლასტმასთან უშუალო შეხება და საკვების შესაფუთად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ბევრ საშიშ დაავადებასთან ასოცირდება, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კიბოსთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითებასთან, თუ ჰორმონალურ დარღვევებთან. სხვადასხვა ტიპის პლასტმასის საშუალებით, შეხება ისეთ საშიშ ტოქსინებთან გვაქვს, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი.
ზოგიერთი პლასტმასის შემადგენლობაშია ნივთიერება DEHP, რომელიც კანცეროგენია. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2.5 ათასი ბავშვის შარდი შეამოწმა და 93 პროცენტში იპოვა BPA, ასევე პლასტმასში შემავალი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის ბოთლებში, მზა საკვების კონტეინერებში და რეზინის ნაწარმში.
არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი როლფ ჰალდენი ამბობს, რომ ადამიანის ორგანიზმზე პლასტმასის ზემოქმედების უშუალო შედეგის მითითება ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელი, ვინაიდან პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბისაა, ის ყველგანაა და მის კვალს უკვე თითქმის ყველაფერში ვხედავთ. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ პლასტმასი ჯანმრთელობას ვნებს და მას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, განსაკუთრებით ბავშვებში.