ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ საფრთხეების სია შეადგინა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას 2019 წელს ემუქრება. მთავარ პრობლემად ჰაერის დაბინძურებაა აღიარებული. ამჟამად დედამიწის თითქმის ყველა მაცხოვრებელი დაბინძურებულ, მოწამლულ ჰაერს სუნთქავს. როგორ მოქმედებს ეს კაცობრიობაზე? დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
კიდევ ერთი პრობლემა სიის სათავეში არაინფექციური დაავადებებია. მათ შორის დიაბეტი, კიბო, გულის დაავადებები. ყოველწლიურად ეს დაავადებები 41 მილიონ ადამიანს ემართება.
სიის სათავეშია გრიპის გლობალური პანდემიაც. სპეციალისტების აზრით გლობალური ეპიდემია რაღაც მომენტში წელსაც თავისუფლად შეიძლება განვითარდეს. დღეისათვის ვირუსის ცირკულაციაზე მონიტორინგი ასზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
სიის შემდეგი პუნქტებია საცხოვრებლად საშიში პირობები, მაგალითად კრიზისი, ომი, კატაკლიზმები და ა.შ. ამ რისკის ქვეშ მილიარდ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ეს პრობლემა ხელს უშლის დაავადებების აღმოფხვრისთვის ბრძოლას, მაგალითად ტუპერკულიოზის ან ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ამ მომენტისათვის კვლავ საშიშ ვირუსად რჩება.
კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემის სუსტი განვითარება. ეს პრობლემა ბევრ დაბალ განვითრებულ ქვეყანაში არსებობს.
კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება “სუპერბაქტერიებიც“. იმის გამო, რომ ბევრი ანტიბიოტიკს გაუაზრებლად მოიხმარს, ბაქტერიები მუტაციას განიცდიან და წამლების მიმართ მდგრადობას იძენენ, რის გამოც მათი დამარცხება შეუძლებელი ხდება.
რაც შეეხება მრავალი ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ, ეს პრობლემაც მთავარ პრობლემათა სიაში წამყვან ადგილზე მოხვდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის პროგრესი, რომელსაც კაცობრიობამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, შეიძლება წყალში ჩაიყაროს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ადამიანები იმუნიზაციაზე მასობრივად იტყვიან უარს. საქმე იმაშია რომ ვაქცინაციის შედეგად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება: ეს რიცხვი წელიწადში ორიდან სამ მილიონამდეა. თუმცა ადამიანები რომ ვაქცინაციას უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ, შედეგები ბევრად გაიზრდებოდა. ეს შენიშვნა ეხება წითელას დაავადებასაც. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება უკვე აღმოიფხვრა, ის ისევ გაჩნდა, რადგან ადამიანებმა აცრაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროდ წითელას პრობლემის მიზეზი მხოლოდ აცრაზე უარი არ არის. დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ვაქცინის მიტანა ძალიან რთულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიაში მოხვდა ისეთი პრობლემები, როგორიცა დენგეს ციებ– ცხელება და შიდსი, რომლებსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.