საგანი “თავდაცვა და უსაფრთხოება – ახალი დეტალები

{{ARTICLEIMAGE}}

“თავდაცვა და უსაფრთხოება” – საგნის სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა ისაუბრა.

“ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის “თავდაცვა და უსართხოება” სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ, რომ სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის”.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა სკოლებში საგნის დანერგვის მიზანი.

“პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.

საგანს “თავდაცვა და უსაფრთხოება” საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი”.

ნუკრი გელაშვილმა საუბრის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

“ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით”.