საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 49–ე პაციენტი ფრანგია

დღეს საღამოს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკას კიდევ ერთი პაციენტი დაემატა, თუმცა როგორც ირკვევა ის საქარველოს მოქალაქე არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 49-ე პაციენტი საფრანგეთის მოქალაქეა.

“რატომ მოუნდა სეირნობა ამ დროს, ცოტა გაუგებარია, მაგრამ რატომღაც ამ დროს გადაწყვიტა მოგზაურობა. იყო საბერძნეთში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრებაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, რადგან ფრენები, პრაქტიკულად, არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ ვერ დარჩებოდა ადამიანი. რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნა ჯერ კარანტინში და შემდგომ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ასე ვთქვათ, ეს ახალგაზრდა ფრანგი, მექსიკური წარმოშობის, ამჟამად საქართველოში მკურნალობს”, — თქვა იმნაძემ გადაცემა “ღამის ამბებში“.