შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია არ განვშორდეთ უფალს- ილია II

,,ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს”,- ამბობს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II კორონავირუსთან დაკავშირებით.

საკვირაო ქადაგებისას მან განაცხადა, რომ დისტანციის დაცვა მარტივი შესასრულებელია და მთავარია მრევლი უფალს არ დაშორდეს.

,,ღმერთი მოწყალეა, ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. უფალთან ვიყოთ. აი, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით”,- თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

დღეს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა.

სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია იყო მისული. ის სავარაუდოდ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც შსს-ს აცნობა, რომ ტაძარში 10-ზე მეტი ადამიანი იყო.

საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.