სიკვდილი იზოლაციაში.იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა დამარხვას ვერ აუდიან

სიკვდილი იზოლაციაში. იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა დამარხვას ვერ აუდიან

კორონავირუსმა იტალიელების ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია და მათ გარდაცვლილ ახლობლებთან დამშვიდობების შესაძლებლობაც კი წაართვა. ის გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე ღირსეულად წასვლის საშუალებასაც უსპობს, ცოცხლად დარჩენილებს კი კიდევ უფრო უმწვავებს ტკივილს იმის გამო, რომ ბოლო წუთებში საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა არ შეუძლიათ.

“პანდემია ორჯერ კლავს. თავიდან ის იზოლაციით გკლავს, საყვარელი ადამიანებისგან შორს, შემდეგ კი მაშინ, როცა გვერდით დამტირებელიც არავინ გყავს“– ამბობს მილანის სარიტუალო მომსახურების კომპანიის თანამშრომელი.

ოჯახები დარდით არიან განადგურებული და რეალობასთან შეგუებას ვერ ახერხებენ – ამბობს ანდრეა ჩერატო.

სიკვდილი იზოლაციაში


Covid19-ის ბევრი მსხვერპლი საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსში კვდება, სადაც არავის უშვებენ. იქ შესვლა დაინფიცირების მაღალი რისკის გამო აკრძალულია. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ არ გადადის, თუმცა კიდევ რამდენიმე საათით შეიძლება დარჩეს მის ტანსაცმელზე. ამიტომაც ცხედრებს მაშინვე ჰერმეტულად ფუთავენ.

“რამდენი ოჯახი გვთხოვს ნება მივცეთ გარდაცვლილს უკანასკნელად შეხედონ. მაგრამ ეს აკრძალულია“– ამბობს ბიბისი–სთან საუბრისას ლომბარდიის ქალაქ კრემონის სარიტუალო კომპანიის თანამშრომელი მასიმ მონკასტროპა.

ასევე დაუშვებელია გარდაცვლილისთვის ტანსაცმლის გამოცვლა და უკანასკნელი, მისი საყვარელი სამოსის ჩაცმა, როგორც ეს საერთოდ არის მიღებული. ყველას ერთნაირ, უსახურ საავადმყოფოს სამოსში მარხავენ.


თუმცა მონკასტროპა ცდილობს ახლობლებს დაეხმაროს და მათი თხოვნით, ხანდახან ოჯახის მიერ გადაცემულ ტანსაცმელს გარდაცვლილს კუბოში უდებს.

დღევანდელ უპრეცედენტო სიტუაციაში ნათესავების, მეგობრების და მღვდლების ფუნქცია უნებურად მესაფლავეების მხრებზე გადავიდა, იმიტომ რომ ავადმყოფის გარდაცვალების მომენტისთვის მისი ახლობლებიც კარანტინში იმყოფებიან.

“ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობას“–ამბობს მილანელი ანდრეა ჩერატო ბიბისისთან.

მისი თქმით, ისინი ოჯახებს კუბოს ფოტოებს უგზავნიან, რომლითაც მათი ახლობელი დაიმარხება. თვითონ მოაქვთ ცხედარი საავადმყოფოდან და კრემირებას უკეთებენ, ან მარხავენ. როგორც სარიტუალო კომპანიის თანამშრომელი ამბობს, ადამიანებს მეტი გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მათ ენდონ.

ჩერატოს თქმით, მათ ახლობლებისთვის ჩვეული სერვისების შეთავაზება არ შეუძლიათ. ახლა მათი არჩევანი შეზღუდულია:
“ჩვენ არ შეგვიძლია გარდაცვლილებს ჩავაცვათ, არ შეგვიძლია დავვარცხნოთ ან სპეციალური მაკიაჟი გავუკეთოთ, გავალამაზოთ. და ეს ძალიან სევდიანი ამბავია“– ამბობს ის.

თუ დაინფიცირებული სახლში იღუპება, მეკუბოვეები მის წასაყვანად სპეციალურად აღჭურვილები მიდიან: სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანები, სპეცტანსაცმელი.ბევრი მეკუბოვე თვითნაც კარანტინშია. მათი კანტორები დაკეტილია. არის საფრთხე, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ მუშაობენ, მალე დამცავი საშუალებების გარეშე დარჩებიან.

იტალიაში განსაკუთრებული ზომის სახით საპანაშვიდო მომსახურება აკრძალულია. ღრმა კათოლიკური ტრადიციების მქონე ქვეყანაში ეს უპრეცედენტო ნაბიჯია.

ანდრეა, რომელიც დამკრძალავ ბიზნესში 30 წელია მუშაობს , ამბობს რომ ახლა დღეში მინიმუმ ორი ადამიანის დაკრძალვა უწევს და გარდაცვლილის პანაშვიდზე ერთი ადამიანიც არ მოდის. დასაფლავებას შეიძლება 1 ან 2 ადამიანი დაესწორს, პროცესი კი სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს.

კუბოების ქვეყანა


დამკრძალავი ინდუსტრია იტალიაშია უდიდეს დატვირთვას განიცდის, გარდაცვლილთა რიცხვი კი იზრდება. ჩრდილოეთ იტალიის საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია.

ეკლესიებში დამარხვის რიგში ათობით კუბო გროვდება.

ბერგამოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სასაფლაოებზე ადგილი აღარ არის. ამიტომაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამხედროები გამოიძახეს.

გასულ კვირას ღამით ადგილობრივი მაცხოვრებლები სულგანაბულნი უყურებდნენ, როგორ ჩაიარა სამხედრო მანქანების კოლონამ ქალაქის ქუჩებზე, რომელსაც 70–ზე მეტი კუბო მიქონდა.

ამ მანქანებით ბერგამოს მაცხოვრებლები კრემაციისთვის მეზობელ ქალაქში გადაიტანეს. ალბათ იტალიაში ეპიდემიის აფეთქების შემდეგ ეს ერთ–ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სანახაობა იყო.