სუსლიაკის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია, სასამართლომ დაუშვებლად ცნო

უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია, სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ადვოკატის განცხადებით, ამ დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ 10-ვე ბავშვი სუსლიაკის იყო. დოკუმენტებს შორისაა ბავშვების დაბადების მოწმობები და ცნობები სუროგატი დედებისგან.

„ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველანაირად ხელს გვიშლის იმაში, რომ ჩავატაროთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა, გამოგონილი სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ, არ გამოგვიყვეს ექსპერტი, რომელიც ნიმუშს აიღებს ბატონი იური სუსლიაკისგან, არ გვისახელებენ ლაბორატორიას, რომელიც იქნება მათთვის ნდობის ხარისხით მაღალი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანმა ჩააბაროს ნიმუში. ასევე, არ ატარებენ ექსპერტიზას ქალბატონი ემა სუსლიაკის ბიოლოგიურ ნიმუშზე, ეს გახლავთ იური სუსლიაკის ბიოლოგიური დედა, ანუ ბავშვების ბიოლოგიური ბებია და ხელს გვიშლიან ასევე სოციალური სამსახური ბავშვებთან კომუნიკაციას, როგორც მამას, ასევე ბებიას,“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიების ეჭვი იმ ფაქტმა გამოიწვია,რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ამ ეტაპზე
არასრულწლოვნები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი ცდილობდა, რომ ათი ბავშვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა. სუსლიაკი საქართველოში ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა