“საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებით, რეალურად შევქმენით მექანიზმი, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად მზად იყოს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
ლევან იზორიას განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლებებსა და წვრთნებს, ძირითადად საერთაშორისო მისიების შესასრულებლად გადიოდნენ.
მინისტრის თქმით, პროგრამაში მონაწილე ყველა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ უკვე მიიღო და მომავალშიც მიიღებს ახალ, გაუმჯობესებულ სახელფასო უზრუნველყოფას, 100-დან 500 ლარის ფარგლებში, მათი წოდებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
“თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე ორი ბატალიონი ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად მოვამზადეთ. მათ გაიარეს შესაბამისი წვრთნები, იანვრიდან მესამე როტაცია დაიწყება. პირველი როტაციის ფარგლებში 32 ამერიკელი ინსტრუქტორი მონაწილეობდა, მეორე როტაციის ფარგლებში – 29, ხოლო ქართველი ინსტრუქტორების რაოდენობა 53 –დან 70-მდე გაიზარდა. დაკომპლექტების, აღჭურვის, წვრთნისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ინსტიტუციონალური საფუძვლების განმტკიცების თვალსაზრისით, ამ პროგრამას უფრო ეფექტიანად შემდეგ წლებშიც განვახორციელებთ “, -თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.