The Guardian: უკრაინა ტაქტიკურ გამომგონებლობას იჩენს და კვლავ გვაოცებს

რიაზანისა და ენგელსის მახლობლად მდებარე ორ რუსულ საჰაერო ბაზაზე აფეთქებები კიევის ტაქტიკური ოსტატობისა და გაოცების უნარის უახლესი მაგალითია, წერს The Guardian.

როგორც ჩანს, უკრაინამ იპოვა გზა ასაფრენ ბილიკებზე სტრატეგიული რუსული Tu-95 და Tu-22M ბომბდამშენებზე შეტევისთვის. ოქტომბრიდან მოყოლებული, კრემლმა  ეს სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განადგურების მიზნით გამოიყენა, რის გამოც მილიონობით ადამიანიზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე  რჩება .

არსებობს ვარაუდი, რომ კიევმა შეიმუშავა თავდასმსხმელი დრონი, რომლის მანძილი 1000 კილომეტრია. გასული თვის ბოლოს უკრაინელმა ჯარისკაცმა თქვა, რომ ეს იარაღი უკვე გამოიყენეს რუსი სამხედროების წინააღმდეგ. თუ ეს მართალია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ევროპული ნაწილის უმეტესი ტერიტორია ახლა უკრაინელი სამხედროების ხელმისაწვდომი არეალია. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის უპირატესობა, რომლითაც  აქამდე სარგებლობდა – საკრუიზო რაკეტების უსაფრთხოდ გაშვება რუსეთის სიღრმიდან, საფრთხეშია.

29 ოქტომბერს უკრაინამ მოსკოვი გააოცა, როდესაც დილით ადრე დაიწყო საჰაერო და საზღვაო დარტყმები სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ბაზაზე. რამდენიმე რუსული ფრეგატი მწყობრიდან გამოვიდა, მათ შორის ფლაგმანი ადმირალ მაკაროვი.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ შეიმუშავა ორიგინალური და მომაკვდინებელი საზღვაო უპილოტო აპარატები . მის კომპონენტებს შორისაა მოდიფიცირებული ჰიდროციკლი და დისტანციური მართვის კამერა, პირდაპირი უკუკავშირით ბრძანებისა და მართვის ცენტრთან. პლუს ასაფეთქებელი ნივთიერებები დამაგრებული წინა მხარეს. როგორც ჩანს, უპილოტო აპარატებმა ასევე ითამაშეს როლი უკრაინის მორიგ წარმატებულ თავდასხმაში ყირიმში საკის საჰაერო ბაზაზე აგვისტოში, რომლის დროსაც ცხრა რუსული სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა.

კიევი ყოველთვის არ ეუბნება თავის დასავლელ მოკავშირეებს  სარისკო სამხედრო ოპერაციების გეგმების შესახებ, რომლებიც უდავოდ მოიცავს თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინელები შეგნებულად არ აკეთებენ ამას, რადგან დასავლეთი შესაძლოა შეეცადოს კიევი დაარწმუნოს, რომ ეს არ გააკეთოს.

ამის ნაცვლად, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა იყენებს საკუთარ ტექნოლოგიას სპეცოპერაციების ჩასატარებლად. მათ შორისაა ოქტომბერში ყირიმის ხიდზე  აფეთქება და აპრილში კრეისერ „მოსკვას“ განადგურება, რომელსაც როგორც კიევი აცხადებს,თავს დაესხნენ უკრაინული ნეპტუნის რაკეტები (რუსეთი ამას არ აღიარებს). ორივე დამამცირებელი დარტყმა იყო რუსი სამხედროებისთვის.შეიძლება სხვა სიურპრიზებიც გველოდეს – პროგნოზირებს Guardian.