The Washington Post:რუსეთმა ყირიმში თხრილებისა და ბარიერების მთელი ქსელი ააშენა

The Washington Post აქვეყნებს გამოძიებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თავდაცვითი საშუალებების აშენების აქტიურ ძალისხმევაზე. კომპანია Maxar-ის მიერ მოწოდებულ თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით, გამოცემა აჩვენებს, რომ სულ რამდენიმე კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში თხრილებისა და ბარიკადების მთელი ქსელის აგება მოახერხა.

გამოცემა ყირიმს უწოდებს “ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ” ტერიტორიას ომის ზონაში.

სხვა საკითხებთან ერთად, გაზეთი აქვეყნებს ყირიმის სოფელ მედვედევკას ფოტოებს, რომელიც მატერიკზე გადასვლასთან ახლოს მდებარეობს. 11 თებერვალს გადაღებულ ფოტოზე სივაშის ტბის მხრიდან თხრილების მთელი ქსელი ჩანს, რომლის სიგრძე ზოგ შემთხვევაში 900 მეტრსაც აღემატება. ასევე სამ რიგად არის  ეგრეთწოდებული “დრაკონის კბილები” – ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, რომლებსაც პირამიდული ფორმა აქვთ .

 

გამოცემის ცნობით, ბოლო კვირებში, როდესაც რუსეთი უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევას ელოდება, ასეთი თავდაცვითი სტრუქტურები განსაკუთრებით სწრაფად გამოჩნდა. 27 თებერვალს გადაღებულ სააკის რაიონის სოფელ ვიტინოს სურათზე ცარიელი ნაპირია. თუმცა, უკვე 12 მარტს ზღვასთან სანგრების ხაზი გაჩნდა, წერენ ჟურნალისტები.

ვიტინოს მახლობლად გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე ასევე ჩანს სანგრებში დამონტაჟებული რამდენიმე საარტილერიო იარაღი. „ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი იარაღის არსებობა აქტიური საომარი მოქმედებებისგან დაშორებულ ზონაში რთული ასახსნელია“, – აღნიშნავენ ავტორები.

ამავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსი სამხედროები სანგრების თხრისთვის იყენებს როგორც ადამიანურ ძალას, ასევე აღჭურვილობას (ამ კუთხით ჟურნალისტები საუბრობენ სსრკ-ს დროს შექმნილ BTM-3 თხრილის მანქანაზე, რომელსაც შეუძლია სანგრების გათხრა  800 მეტრი საათში სიჩქარით).

„ინტერნეტში არის რეკლამები, რომლებითაც ეძებენ მუშებს, რათა გაამაგრონ თხრილები ბეტონით და ხით დღეში 90 დოლარზე მეტად და ეს შესაშური ხელფასია“, – ნათქვამია გამოცემაში.

ბევრი თავდაცვითი ნაგებობა გაჩნდა ბუნებრივ წყლის ბარიერებთან, როგორიცაა ზღვის სანაპირო ან არხები, რაც დამატებით დაბრკოლებებს ქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემთხვევაში.

თუმცა, გამოცემა ციტირებს ექსპერტებს, რომლებსაც არ სჯერათ იმგვარი  უკრაინული ოპერაციის ალბათობის, რომელიც ნაპირზე ჯარების გადმოსხმას ან ყირიმზე ფართომასშტაბიანი შეტევას გულისხმობს.

აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორის მაიკლ კოფმანის თქმით,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა გადაწყვეტს ყირიმის ხელში ჩაგდებას „კლასიკური გაგებით“, არამედ მიმართავს მუდმივი გამოფიტვის ტაქტიკას და ნახევარკუნძულზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას.

დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება ყირიმში ვითარება გაუსაძლისი გახადოს და შედეგად, რუსეთს შეიძლება მოუწიოს მოლაპარაკება მის სტატუსზე“, – განუცხადა კოფმანმა Washington Post-ს.

გაზეთი იხსენებს, რომ უკრაინა უკვე ცდის მსგავს სტრატეგიას: ამერიკული პროექტის ACLED-ის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან, სავარაუდოდ, მან 70-ზე მეტი დარტყმა განახორციელა ყირიმში ან ნახევარკუნძულზე რუსეთის ობიექტებზე.

ხშირ შემთხვევაში, ეს იყო საჰაერო თავდასხმები, მათ შორის თვითმფრინავების გამოყენებით. ხანდახან საუბარი შეიძლება იყოს ყირიმის ტერიტორიიდან ორგანიზებულ დივერსიაზე. რუსეთმა მოახერხა ზოგიერთი ასეთი თავდასხმის განეიტრალება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი წარმატებული იყო და დამანგრეველი შედეგები მოჰყვა, ნათქვამია გამოცემაში.