თუ რისკები გაიზრდება, არ გამოვრიცხავთ სრული კარანტინის გამოცხადებას- მდინარაძე

,,ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გართულდება და რისკები გაიზრდება, არ არის გამორიცხული, რომ სრული კარანტინი გამოცხადდეს ქვეყანაში.

მისივე თქმით, დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას.

,,იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი. დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები. ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად, კვალზე ბოლომდე”,- ამბობს მდინარაძე.

მისი თანაგუნდელის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ,,დღეს არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია არ გაუციათ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტს 1 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.