TV პირველის ოპერატორისა და მოქალაქის ცემისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV პირველის ოპერატორისა და გამვლელის ცემისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვ.ბ-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, ტვ პირველის ოპერატორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო მეორე მბრალდებულმა დ.ქ-მ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი;
  • “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.