უნდა აუგოს თუ არა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესი გირჩის რელიგიური ორგანიზაციის წევრ გარდაცვლილ ახალგაზრდას. აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელებში

უნდა აუგოს თუ არა ეკლესიამ წესი 24 წლის გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო. 24 წლის შაკო ბარამიძე გასულ კვირას ავარიის შედეგად გარდაიცვალა. იმის გამო, რომ ის გირჩის რელიგიური ორგანიზაცია წევრი იყო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისთვის წესის აგებაზე უარი თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ გირჩმა გაავრცელა და მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსამსახურმაც დაადასტურა. სოციალურ ქსელში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნაწილი თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, ნაწილის აზრით კი საპატრიარქოს გადაწყვეტილება შურისძიებას გავს. გირჩის “ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანება დღემდე სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ფორმად მიიჩნეოდა, მას რეალურად რელიგიურ ორგანიზაციად არავინ აღიქვამდა.
ბექა მინდიაშვილი. თეოლოგი


უკიდურესად მცდარი, რაღაც მაგიურ-ოკულტისტური დამოკიდებულება გვაქვს რიტუალებისადმი, კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, წესის აგებისადმი, – თითქოს ამ რიტუალზე იყოს დამოკიდებული ადამიანის საიქიო ხვედრი. ეს არ არის ეგრე – წესის აგება შედგება საკითხავებისგან, რომლებიც ნუგეშისცემისა და შეგონების მიზანს ისახავს ჭირისუფლებისთვის. წესის აგების საკითხავებმა ცოცხალ ადამიანს, მსმენელს მარადისობის, უკვდავების, ღმერთთან შეხვედრის რმწენა უნდა განუმტკიცოს და დააფიქროს ყოფიერების საზრისზე. ესაა რეალური მიზანი და არა მიცვალებულისთვის მიღმური სამყაროს მატარებელზე ბილეთის გამოწერა. ღმერთი საპატრიარქოსა და სინოდისგან განსხვავებით მოწყალეა – ჩვენი მღვდლების გაუგებარი ბუტბუტის იმედად არ ტოვებს არავის, მით უფრო ხორციელი სხეულისგან გათავისუფლებულ სულს. არ შეგეშინდეთ მათი უარის.

არჩილ გამზარდია. ექსპერტი

Iago Tertön Khvichia ვნახე სამწუხარო ინფორმაცია, რომ “რელიგიური თავისუფლების” ყოფილი წევრი გარდაიცვალა და მას მართლმადიდებელი მღვდლები წესს ვერ უგებენ. ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც მართლმადიდებელიახალ რელიგიას იღებს, ის ავტომატურად აღარ წარმოადგენს მართლმადიდებელ პირს, თუ ხელახლა არ მოხდება ეკლესიაში შეერთების წესი. ეს ხდება ნებისმიერი რელიგიური ნიშნის მიღების შემთხვევაში. რადგან ადამიანი აღარ ირიცხებოდა “რელიგიური თავისუფლების” წევრად, ის ავტომატურად ვერ დაუბრუნდებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობას, თუ ხელახლა არ მოინათლებოდა. ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია, მაგრამ იდეაშივე მართლმადიდებელი მღვდელი ვერ აუგებს წესს არამართლმადიდებელ ადამიანს.

ნებისმიერი პირი, ვინც ახალ რელიგიურ ჯგუფში შედის (არ აქვს მნიშვნელობა “რელიგიური თავისუფლება” იქნება თუ სხვა…), კარგავს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობის სტატუსს, თუ ხელახლა არ შესრულდება ეკლესიასთან ა შეერთების წესი, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ასეთ ადამიანს მართლმადიდებელი მღვდლები ვერ დაწერენ ჯვარს, ვერ მოუნათლავენ შვილებს, ვერ აუგებენ წესს, ვერ მიიღებენ ჯვრისწერისას მეჯვარედ და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში, თუ ის იყო ბოლოს “რელიგიური თავისუფლების” წევრი, მხოლოდ ამ რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირებს შეუძლიათ რაიმე რელიგიური რიტუალის ჩატარება ან არც მათ, თუ უარი თქვა წევრობაზე, შესაბამისად, ასეთი პირი არცერთი რელიგიური ჯგუფის წევრადაც აღარ ითვლება, შესაბამისად არც მართლმადიდებლად.

ძალიან ვწუხვარ, სამწუხარო ამბავია.

იაგო ხვიჩია. გირჩი

·
ოჯახია ცოდვა, ტანჯვას რომ ამატებენ ნუგეშზე უარის თქმით, თორემ ნებისმიერი სამართლებრივი დავისთვის, არის თუ არა ბთ რელიგია, ეს გადამწყვეტი მტკიცებულება შეიძლება იყოს.

ახლა ალბათ ვერაფერი ანუგეშებს ოჯახს, მაგრამ ამ უარით გარდაცვლილმა მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა სხვა ახალგაზრდებს.
ზოგადად ბევრ ადამიანს დაანახა რაღაც განსხვავებულად.

ლევან სუთიძე. რელიგიის მიმომხილველი


მიტროპოლიტ საბას ცინიკური, აგდებული და თავგასული კომენტარები, სხვას არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს შური იძიოს ყველა მოქალაქეზე, რომელიც ვერ დაიმონა. ეს აღვირახსნილი თავხედი, ეს სულითვაჭარი, ეს მადლითვაჭარი, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, არის სახადი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიხადოთ. ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთ ლიბერალს ატკინო, იმდენად ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანურია, რომ მეც კი, ვისაც შურისმგებელი ღვთისა არ მჯერა, მსურს ის ჯერ გამოვიგონო და შემდეგ ვიწამო.

ყველა, ვისაც თავი აქვს და არა წვერის გაგრძელება, ხვდება, რომ ბიბლიური თავისუფლების წევრობა ადამიანს არ განაშორებს ეკლესიისგან – ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ეს ორგანიზაცია საკუთარ რელიგიურობას ამტკიცებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, იმის მისაღწევად, რა პრივილეგიითაც მიტროპოლიტი საბა და საპატრიარქოს სხვა ანაფორიანები სარგებლობენ. იმის მისაღწევად, რაც ადამიანს უზღუდავს ღვთივბოძებულ თავისუფლებას.

კანონში ხვრელის პოვნა განდგომა და აპოსტასია არ არის, განდგომა და აპოსტასია ის არის, რასაც საქართველოს ეკლესიის ამბიონებიდან ქადაგებენ. წვრილმანი თეოლოგიური ვიშვიში (რომლის ადგილიც აკადემიაშია) უნდა ჩამოემხოს მგლოვიარე დედის ფერხთით, რადგან არა კაცი შაბათისთვის, არამედ შაბათი კაცისათვის.

წესის არაგების არავითარი საფუძველი არ არსებობს და, რომც არსებობდეს, მიტროპოლიტი საბა ხელს უნდა იკვნეტდეს ტირილით, რომ ადამიანის არჩევანმა მას ხელფეხი შეუკრა, იმ ეკლესიაში აღესრულებინა მიცვალების წესი, რომლის წევრობაზეც ამ ადამიანმა ნებით თქვა უარი. მოკვნეტილი თითების ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ სარკაზმსა და ნიშნის მოგებას.

წესი აუგეთ, ვირიშვილებო!

ირაკლი მელაშვილი. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში


ხალხნო მესმის ახლა შეიძლება ვიღაცეების თვალში ძალიან არაპოპულარულ რამეს დავწერ, მაგრამ რა ვუყოთ იმას რომ ეს სიმართლეა? ეკლესიას სამწუხაროდ უამრავი ნაკლი და პრობლემა აქვს და მასთან ბევრ რამეზე შეიძლება მოდავება და გაკრიტიკება. მაგრამ … ადამიანის უფლებაა აირჩიოს ან შეიცვალოს აღმსარებლობია, რელიგია. მას შემდეგ, რაც ჩვენმა სახელმწიფომ გირჩის “ეკლესია”აღიარა როგორც რელიგიური ორგანიზაცია, ახალგაზრდები, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით ნებაყოფლობით გახდნენ გირჩი ჯაფარიძის ეკლესიის მიმდევრები (რაოდენ კომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს) ისინი მართლამდიდებელი ეკლესიისათვს ისევე გახდნენ სხვა აღმსარებლობის მატარებელები, როგორც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ეს ახლაგაზრდები მაგალითად ან კათოლიციზმში გადავიდოდნენ, ან პროტესტანტები გახდებოდნენ ან იეღოვას მოწმეები. შესაბამისად, ისინი ყველა ფორმალური ნიშნით აღარ არიან მართლმადიდებლები და ეკლესიას არ აქვს არც უფლება და მით უმეტეს არც ვალდებულება სხვა აღმსარებლობის მატარებელს წესი აუგოს. მესმის რომ ეს ვიღაცისთვის “გირჩის ეკელსია” არასერიოზული თამაშია, თავად გირჩისთვის ხმების მოზიდვის საშუალება, მაგრამ ეკლესიისათვის მისი რიგებიდან გასვლა და სხვა აღმსარებლობის მიღება თამაშის და ღლიცინის საგანი უბრალოდ ვერ იქნება. ამ ახალგაზრდებმა, აბსოლუტურად მერკანტელური მოტივით (ჯარში წასვლა არ უნდოდათ) გადადგეს ეს ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმრავლესობა საერთოდ არ აღიქვავდა საკუთარ ქმედებას, როგორც მართლმადიდებლობაზე უარის თქმას, მაგრამ ეკლესიისათვის ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეა და სხვანაირად ვერც იქნება! რა უნდა თქვას ეკლესიამ, რომ გირჩის რელიგია არ არსებობს და იმისთვის შეიქმნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით შეიქმნაო? მაშინ გამოვა, რომ ეკლესია ამ ახლგაზრდებს ოფიიალურად დასდებს ბრალს თაღლითობაში, ხოლო ხელისუფლებას მისცემს საბაბს დასაჯოს ისინი სამხედრო სამსახურის თავის არიდებისთვის. თაღლითობადაბრალებული მათთან ერთად უთუოდ აღმოჩნდება პოლიტიკოს გირჩი ჯაფარიძეც, თავისი პარტიით და მაშინ ხომ ატყდება ერთი ამბავი, ამათ ვინ ეკითხება და ეკლესია რატომ ზღუდავს სინდისის თავისუფლებასო და ა.შ.? ასე რომ ამ საკითხზე ეკლესიის ლანძღვას მგონი ჯობია იმას მოკითხოთ პასუხის, ვინც გასაბერი ეკლესიებით და მსგავსი ინიციატივებით დემოკრატიის, სინდისის და რწმენის თავისუფლების იდეის სრულ დევალავაციას ახდენს საზოგადოებაში. ხოლო გირჩის მღვდლები და ეპისკოპოსები კი მართლა არიან ვალდებული, თუკი დააფუძნეს ეს “ეკლესია” მივიდნენ და წესი აუგონ მიცვალებულს (თუკი მათ რელიგიაში ასეთი რამ არსებობს)

გულწრფელად, ძალიან მეცოდება ის გარდაცვლილი ახალგაზრდაც და მისი ოჯახიც, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ რასაც ვწერ ვფიქრობ, რომ ძალიან მწარე სიმართლეა.

გიგი უგულავა. ევროპული საქართველო


ძვირფასო მღვდელთმთავრებო, ცხადია ეკლესიის გადასაწყვეტია ვის და რატომ აუგებთ ან უარს ეტყვით წესის აგებაზე. მაგრამ წარმოიდგინეთ მოდის თქვენთან გარდაცვლილის გაწამებული მშობელი, ახლობელი და გევედრებათ რომ მას, მართმადიდებელ ქრისტიანს, მიცეთ უფლება ილოცოს ქრისტიანული წესით დამარხოს თავის ძე შეცდომილი, უძღები შვილი დაიტიროს. რატომ ვეუბნებით უარს? განა ღვთის წყალობა, მეტი არაა წესზე? განა იესო არ ამბობს რომ ერთ დაკარგულ ცხვარს უნდა ვეძიოთ, თუნდაც მთელი ფარას მიტოვება მოგვიხდეს? განა უძღები შვილის ხილვით არ ხარობს მამა? აბა მაშინ რატომ? იქნებ ამ კუთხით შეგეხედათ. ცოცხალი თუ შეგნებულად მზადაა გარდაცვლილის ტვირთი ზიდოს, რატომ უნდა ვუთხრათ უარი, თქვენ ხომ ცოცხალ ღმერთს ემსახურებით

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გირჩის “ბიბლიური თავისუფლების” წევრისთვის წესის აგებაზე ეკლესია უარს ამბობდნენ, გირჩმა გაავრცელა და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს მიმართა:

“წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს.“– წერდა გირჩი.

დღეს კი გარდაცვლილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გირჩს ემიჯნება.