“ვაქცინის შექმნისთვის დაგვჭირდა ორი თვე“–ქართველი მეცნიერი, რომელიც კანადაში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს

ამერიკის ხმა ქართველ მეცნიერთან, გიორგი ბაბუაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელმაც კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა მის პრე-კლინიკურ ცდაზე მუშაობს. დადებითი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, ვაქცინა 1 წელიწადში იქნება გამოყენებისთვის მზად.

გიორგი ბაბუაძე კანადაში ლავალის უნივერსიტეტში 2017 წლიდან მესამე თაობის დეენემ ვაქცინაზე მუშაობს და მათ შორის არის კორონავირუსის ვაქცინა. პრეკლინიკური ცდები ცხოველებზე უკვე დაიწყო. თუ ეს ფაზა წარმატებით დასრულდა, ვაქცინის გამოცდა უკვე ადამიანებზე დაიწყება და წარმოებაშიც ჩაეშვება

გიორგი ბაბუაძე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს:

“თვითონ დეენემ პლატფორმა  დატესტილია და დავაპატენტეთ კანადის პატენტში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ძალიან დამაიმედებელი და გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთოდ ძალიან დიდი დროა საჭირო. ერთი წელი კი არა, ზოგიერთი პათოგენის ვაქცინაზე დღემდე მუშაობენ, გავიდა 70–80 წელი, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ვაქცინა შევქმენით ძალიან მალე. ჩამოვედი თუ არა 2017–ში ეს პლატფორმა შევქმენი 5 თვეში. 5 თვის შემდეგ უკვე დაიწყო სხვადასხვა ვაქცინების, სხვადასხვა ანტიგენების ჩაშენება და გამოცდა.

რაკი ეს პლატფორმა მზად იყო, ახალი ვაქცინის შექმნაზე სულ დაგვჭირდა ორი თვე.

თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში გადავალთ უკვე პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა ათიდან 25 ადამიანამდე და დაიწყება კვლევა. ამის შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ფაზა არის 1000 ადამიანი ზუსტად. მესამე ფაზიდან უკვე ხდება მონაცემთა კონსოლიდაცია, შემდეგ ოფიციალური ფაზაა დაახლოებით 2-3 თვე ჭირდება, წარედგინება ოფიციალურ სააგენტოებს და მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, ვარგისია, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და შემდეგ გაიცეს ლიცენზია მოხმრებაზე. შემდგომ უკვე შედის გამოყენების ფაზაში. თუკი 70 დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კარგი პასუხები პრეკლინიკურ ფაზაში, რადგანაც ასეთი პანდემიური, საგანგებო მდგმარეობაა, მე ვფიქრობ რომ ეს პროცესები, შემდგომი ეტაპები დაჩქარდება, იმიტომ რომ თანხებზე , დანახარჯებზე არავინ აღარ ზრუნავს და დამაქსიმუმ დაჭირდება ერთი წელი.

დეენემ ვაქცინები წარმოადგენს მესამე თაობის ვაქცინებს, მას გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობა, ერთის მხრივ იაფი ჯდება წარმოება და მეორეს მხრივ ორგანიზმში არ შეგვყავს მთლიანად ვირუსი, არც ვირუსული ნაწილაკი, უბრალოდ ვირუსის ანტიგენი, რომელიც არ არის პათოგენური, და უბრალდ იძლევა კონკრეტულ უჯრედულ და იმუნურ პასუხს ამ კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა არის პრევენციული მედიცინის ნაწილი. ადამიანი როცა მიიღებს ვაქცინის სათანადო დოზას, კონკრეტული დაავადების მიმართ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს და მას ეს დაავადება აღარ დაემართება“– ამბობს მეცნიერი.

წყარო: ამერიკის ხმა