ვეგეტარიანელი შინაური ცხოველები:რატომ ხდება პოპულარული მსოფლიოში ეს ტენდენცია

მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება “ვეგანურ იანვარს“ – ინიციატივას, როცა მთელი თვე მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს ჭამთ.

ინიციატივის არსი იმაშია, რომ ამით წვლილი შეგაქვთ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.ხორცპროდუქტების და რძის გადამამუშავებელი მრეწველობა ხომ ატმოსფეროში სათბურის აირების გატყორცნის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი წყაროა.

თუმცა, გიფიქრიათ თუ არა ოდესმე უფრო შორს წასვლა და შინაური ცხოველების ვეგეტარიანელებად გარდაქმნა?

თუ ადამიანების შეუძლიათ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა, რატომ არ შეიძლება იგივე შინაურმა ცხოველებმაც გააკეთონ?

ვეგანი შინაური ცხოველები.

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შინაური ცხოველების სულ უფრო მეტი პატრონი იყენებს მათთვის მცენარეულ საკვებს. ამ გადაწყვეტილებაზე მეცნიერული დასკვნებიც ახდენს გავლენას.

აგვისტოში გაეროს კლიმატის ცვლილების ექსპერტების მთავრობათაშორისმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღრმავებს კლიმატის პრობლემებს განვითარებულ ქვეყნებში ხორცის და რძის პროდუქტების მოხმარება.


ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციის მონაცემებით შინაური ცხოველები მთელ მსოფლიოში მოხმარებული ხორცის 12%–ს მოიხმარენ. თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა 20% –ს აღწევდეს.

აშშ–ში სათბურის გაზების რაოდენობა, რომელიც მთელი წლის მანძილზე კატების და ძაღლების მიერ მოხმარებული ხორცის წარმოებისას გამოიყოფა 13.6 მილიონი ავტომობილის გამონაბოლქვს უტოლდება. ეს არის კალიფონიის უნივერსიტეტის მკვლევარების მონაცემები.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს დაფიქრებისკენ უბიძგებს, თუ რა გავლენას ახდენს მათი ცხოველების კვება გარემოზე, ცნობილი ადამიანების მაგალითია.

მათ შორის არის ფილმ ჯოკერის ვარსკვლავი, ჰოაკინ ფენიქსი, რომელიც თავგადაკლული ვეგანი და ცხოველების უფლებების დამცველია. მისი დამსახურებაა, რომ ოქროს გლობუსის წლევანდელ ცერემოანიალზე მენიუ პირველად იყო მთლიანად ვეგანური. თავის ცხოველებსაც ის მხოლოდ მცენარეული საკვებით კვებავს.


ორგანიზაცია “საზოგადოებრივი სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ავსტრალიაში, კანადაში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ–ში შინაური ცხოველების მფლობელთა მესამედი მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი ცხოველი მთლიანად მცენარეულ კვებაზე გადაიყვანოს.

გავლენიანმა მსოფლიო ორგანიზაცია Peta-მ, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს, ასევე მოუწოდა ყველას ვეგანურ საკვებზე გადასვლისკენ – იმ პირობით, რომ ამ საკვების შემცველობაში მნიშვნელოვანი დანამატები იქნება.

პეტა გვაფრთხილებს, რომ დანამატები უკიდურესად მნიშვნელოვანია: საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობის გარეშე შინაურ ცხოველებს შესაძლოა სმენის, კანის, ძვლების, კუჭნაწლავის და რეპროდუქტიული სისტემის პრობლემები დაეწყოთ.

ბევრი ვეტერინარი დარწმუნებულია, რომ ვეგანური დიეტა კატებისთვის არ გამოდგება. ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი, დენიელა დოს სანტოსი ამბობს, რომ თეორიულად ძაღლების ვეგეტარიანული საკვებით კვება შეიძლება, თუმცა კატების მფლობელებს მოუწოდებს ეს არ გააკეთონ. ასოციაციის ეს რეკომენდაცია იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ ძაღლები ე.წ. ფაკულტატიური მტაცებლები არიან და შეუძლიათ ხორცის გარეშეც იცხოვრონ. კატები კი ობლიგატიური მტაცებლები არიან, ანუ მათ არ შეუძლიათ მათთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მცენარეებიდან მიღება.

ამასთან, სანტოსის თქმით არ არსებობს საიმედო კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ რაციონი ხორცის გარეშე კატების და ძაღლების სწორად კვებისთვის არსებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, შეიძლება ვეგეტარიანულმა კვებამ კატებში გულის პრობლემები გამოიწვიოს.


თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა, შენონ ფალკონერმა ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოიფიქრა. ის კომპანია Because Animals -ის თანამფლობელია, რომელმაც ლაბორატორიაში ხელოვნური ხორცი შეიმუშავა. ფალკონერი ამტკიცებს, რომ სრულიად შესაძლებელია არსებობდეს კატების საკვები ხორცის გარეშე. მისი თქმით, კატებისთვის და სხვა ცხოველებისთვის მთავარია საკვები ნივთიერებები და არ აქვს მნიშვნელობა, ამ ნივთიერებებს რომელი წყაროდან მიიღებენ.

რას ამბობენ ვეგანი ცხოველების პატრონები

ბრიტანელი ჯოანა ფარი თავს ვეგანი კატების ელჩს უწოდებს. მისი კატა, მეჯიკი, როგორც ჯოანა ამტკიცებს უკვე რვა წელია ვეგანია და არასოდეს გამხდარა ავად. ფარი აღნიშნავს, რომ მისი კატა ნაკლებად მტაცებელი გახდა სხვა ცხოველების მიმართ მას შემდეგ, რაც ის ვეგეტარიანელი გახდა.
თუმცა ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. ყველაფერთან ერთად ვეგანური საკვები, თანაც დაბალანსებული ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი ღირს.