{{ARTICLEIMAGE}}რუსი ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, თუმცა ქართული მხარე პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს, ამბობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დროებით შეაჩერეს. ამ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ატოცში ოკუპანტებმა გადაადგილება გუშინ დაიწყეს, თუმცა უამინდობის გამო, ტერიტორია მალევე დატოვეს. ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელიც “ძალა ერთობაშიას” აქტივისტების მოთხოვნის საფუძველზე ატოცში გუშინვე ჩავიდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.
“ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სამუშაოები მიმდინარეობს ატოცში, ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული და მუდმივი პროვოკაციები. გარწმუნებთ, რომ დღის და ღამის განმავლობაში ადგილობრივი დონის, რიგითი პოლიციელების, რომლებიც იქ არიან განთავსებულნი, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სოფელ ატოცში პირველი ღობეები რუსმა ჯარისკაცებმა 2014 წლის თებერვალში გაავლეს. მაშინდელი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო. მაშინ სოფელმა 30 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ფართი დაკარგა. მცოცავი ოკუპაცია ატოციდან ოსურ სოფელ ბალთის მიმართულებით კვლავ გაგრძელდა.
ატოცი არის სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეძის თემში. მდებარეობს მდინარე დასავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქარელიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.