საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 2018 წელს სხვადასხვა საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებული ქართველი ქალბატონი ბიზნესმენები დააჯილდოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველ ბიზნესმენებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ქართული ბიზნესის საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობას და სხვა.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციას მთელი წლის განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რაც ბიზნესში ქალების მნიშვნელოვანი როლის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მყოფი ქალი ელჩები, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
“ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წლის დაჯილდოვებაზე პრიზები გადაეცათ ირინა ჭელიძეს – “დოქტორ როჯერ სერვისის” დამფუძნებელს, ასევე ნატა ჯამბერიძეს და ქეთი თოლორაიას, სასტუმრო რუმსის დიზაინერებს.