აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ სასანქციო სიაში რუსეთის კიდევ 13 მოქალაქე შეიყვანა. მათ შორის არის ყოფილი ტანმოვარჯიშე, ამჟამად კი “ნაციონალური მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალინა კაბაევა, რომელსაც ვლადიმერ პუტინის საყვარელს უწოდებენ, გარდა ამისა, სანქციები გავრცელდა 6 მილიარდერზე და 30–ზე მეტ იურიდიულ პირზე.
“კაბაევას ახლო ურთიერთობა აქვს პუტინთან და ამჟამად ნაციონალური მედიაჯგუფის მეთაურია, რომელიც პროკრემლისტური ტელე–რადიო და ბეჭდური ორგანიზაციების იმპერიაა“– ნათქვამია აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს პრეს რელიზში.
კაბაევა რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატიც არის. ის მანამდე დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სასანქციო სიაშიც მოხვდა.
პირველმა სანქციები კაბაევას წინააღმდეგ ბრიტანეთმა აამუშავა – ჯერ კიდევ 13 მაისს. “მტკიცდება, რომ მას ახლო პირადი ურთიერთობები აქვს პუტინთან“– ეწერა მაშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
3 ივნისს კაბაევა ევროკავშირმა დაასანქცირა. ოლიმპიელი ჩემპიონის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზეზად ამჯერადაც რუსეთის პრეზიდენტთან მისი მჭიდრო კავშირი დასახელდა, რის გამოც “ის პასუხისმგებელია იმ მოქმედებების და პოლიტიკის მხარდაჭერაზე, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს უთხრის ძირს.“
კაბაევა ნაციონალური მედიაჯგუფის დირექტორთა საბჭოს 2014 წლიდან უდგას სათავეში. გასულ წელს ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ მისი გვარი ჯგუფის ვებგვერდიდან გაქრა.
კაბაევას და პუტინის ურთიერთობები დიდი ხნის მანძილზე ტაბუირებული თემა იყო არა მხოლოდ რუსულ, არამედ დასავლურ მედიაშიც.
აპრილის ბოლოს გაზეთმა Wall Street Journal–მა დაწერა, რომ აშშ კაბაევას წინააღმდეგ სანქციებს ამზადებდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რათა პუტინი არ გაებოროტებინა.
ჯერ კიდევ 6 აპრილს აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები შემოიღო კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას წინააღმდეგ, რომლებსაც მედია პუტინის ქალიშვილებს უწოდებს ოფიციალური ქორწინებიდან. პუტინს მათთან ნათესაობა არასოდეს დაუდასტურებია, თუმცა არც უარყოფა გაუკეთებია. მას არასდროს უყვარდა საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი.