ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.
,,მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება.
რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით.
დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შესაძლებელი იქნება დასწრება, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული“ ,– განაცხადა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო.
ცნობისთვის, გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს. მან რისკჯგუფში მყოფ მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტაძარში მისვლისგან.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.