გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი! – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს.

“გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი!”,– წერს ბარამიძე Facebook–ზე.

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 6 აგვისტოს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ბარამიძე მოღალატეობრივ განცხადებებში სავარაუდოდ ამას გულისხმობს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჟურნალისტის კითხვაზე, “ თუკი პრეზიდენტი გახდებით, ხმამაღლა დააფიქსირებთ, რომ ომი დაიწყო საქართველომ?”, ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

“ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო”,– თქვა მან.

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთი წელი ექნებათ.