სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დადგინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია, კონვენციის გაგებით, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელდა საქართველოს 160 მოქალაქეზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გარდა ამისა, ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ წამების მსხვერპლნი.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ:

  • სიცოცხლის უფლება;
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრების დაცვა;
  • განათლების უფლება;
  • მიმოსვლის თავისუფლება.

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.