ირანი კასპიის ზღვაში მისი გემის დაბომბვის გამო უკრაინას ემუქრება — რა მოხდება შემდეგ?

უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებს სულ უფრო მეტი გადაკვეთის წერტილი უჩნდება, ამასთან, ორივე კონფლიქტის გეოგრაფიაც ფართოვდება. ირანი უკრაინას კასპიის ზღვაში მის გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს. კიევი აცხადებს, რომ იერიშებს ახორციელებს ირანთან დაკავშირებული რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების მარშრუტებზე, ხოლო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ მოსკოვი ირანელებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებზე დარტყმებისთვის სატელიტურ მონაცემებს აწვდის.

შაბათს, 25 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევი კასპიის ზღვაში სავაჭრო — როგორც ამას ირანული მხარე უწოდებს — გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანის საგარეო უწყების ცნობით, შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა.

იმავე დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ უკრაინამ „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მიაღწია კასპიის ზღვის რაიონში განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების შედეგად — კერძოდ, იმ გემებზე, რომლებიც ირანის მონაწილეობით სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა“.

ირანის ხელისუფლებამ ეს ინციდენტი აგრესიის აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას აპირებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენელი დაიბარეს.

სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ „ისლამური რესპუბლიკა მტკიცედ დაიცავს საკუთარ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს და უპასუხოდ არ დატოვებს თავდასხმას თავისი მოქალაქეების სიცოცხლესა და ქონებაზე“.

ამავე კონტექსტში ირანის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ნეზამედინ მუსავიმ განაცხადა: „კასპიის ზღვაში მოწყობილ ამ „ფეიერვერკს“ პასუხი შავ ზღვაში უნდა გაეცეს“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელმა აბას არაყჩიმ ირანულ გემზე დარტყმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან სატელეფონო საუბრისას დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

დრონების კომპონენტები სატელიტური მონაცემების სანაცვლოდ?

კვირას ისრაელში უკრაინის ელჩმა ევჰენ კორნიჩუკმა ეჭვქვეშ დააყენა ირანის მტკიცება, რომ გემს სამოქალაქო ტვირთი გადაჰქონდა. ისრაელის ტელეარხ N12-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში უკრაინის თავდასხმის სამიზნე გემს რუსეთისთვის განკუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების კომპონენტები გადაჰქონდა.

მან დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინა ირანთან დაკავშირებულ სამხედრო ტვირთებს ურტყამს. „ისრაელი და უკრაინა ერთსა და იმავე მტერს ებრძვიან“, — განაცხადა ისრაელში უკრაინის ელჩმა და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყანა „ბოროტების ერთი და იმავე ღერძის სხვადასხვა მხარეს“ იმყოფება.

გარდა ამისა, შაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთზე სატელიტური დაკვირვების მონაცემებს გადასცემს, რათა თეირანმა რეგიონზე დარტყმების კორექტირება შეძლოს.

„დაზვერვას დავავალებ, პარტნიორებს გადასცეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ირანის რეჟიმისთვის გაწეული ახალი დახმარების შესახებ. ივლისის დასაწყისიდან ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიებისა და იქ განთავსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების აქტიურ სატელიტურ გადაღებას. მოგვიანებით ეს სურათები ირანში ხვდება“, — განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, არსებობს „მკაფიო კავშირი რუსეთის მიერ ობიექტების გადაღებასა და ირანული ძალების დარტყმებს შორის“.

მან აღნიშნა, რომ 19 და 20 ივლისს რუსული თანამგზავრების ინტერესის ზონაში ოთხი ავიაბაზა მოხვდა: ორი ბაჰრეინში, თითო კი იორდანიასა და ქუვეითში.

მომდევნო დღეს ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისშივე ირანმა რუსეთს ახალი ტიპის იარაღი — „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები — გადასცა, ახლა კი რუსეთისთვის საკუთარი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებასაც გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ომის გამო მსოფლიოში საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი იწყება.

შეძლებს თუ არა ის ტრამპის დარწმუნებას?

გასული კვირის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა დაარწმუნეს, რომ ირანს იარაღს არ მიაწვდიდნენ.

„გეტყვით — პრეზიდენტმა სი ძინპინმა მითხრა, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. იგივე მითხრა პრეზიდენტმა პუტინმაც. ვფიქრობ, მათ ვენდობი“, — განაცხადა ტრამპმა, თუმცა დასძინა, რომ თუ მოსკოვი და პეკინი მაინც დაიწყებენ ირანის მხარდაჭერას, „ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება“.

ორშაბათს ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს სატელიტური სურათების გადაცემის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს და მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკებოდა.

„ამის შესახებ პუტინს ვკითხავ. გავარკვევთ“, — განაცხადა ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე.

ჯერჯერობით აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ამ ვითარებას განსხვავებულად აფასებდნენ. ყველაფერი ეს ორი ლიდერის ვაშინგტონში შესაძლო შეხვედრის წინ ხდება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა 28 ივლისს გაიმართოს.

რას უნდა ველოდოთ შემდეგ?

„ირანის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება, ხოლო იმ სამიზნეებზე განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების შედეგად, რომლებიც, კიევის მტკიცებით, ირანისთვის რუსული სამხედრო ტექნიკის გადაცემას უკავშირდება, უკრაინა ამ კრიზისის ერთ-ერთ ახალ მონაწილედ იქცა“, — წერს Euronews-ი.

ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასებით, ამ მოვლენებმა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების კრიზისს ახალი მასშტაბიც შესძინა და „თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაუკავშირა, კვლავ გაამახვილა რა ყურადღება ირანის მხარდაჭერაში მოსკოვის როლზე“.

უკრაინის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სემივოლოსმა განაცხადა, რომ ირანს აქამდე კიევის მიმართ ამგვარი მუქარა არ გამოუთქვამს.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც თეირანი უკრაინას პირდაპირ ადანაშაულებს ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულებულ თავდასხმაში და ირანული მხარე ამ გზავნილს ერთდროულად ავრცელებს როგორც დასავლეთის მიმართულებით — ევროკავშირის დიპლომატიური არხების მეშვეობით, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით — რუსეთის გავლით“, — აღნიშნავს ის.

ექსპერტის აზრით, მოვლენები შემდგომში რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს.

პირველი და ყველაზე სავარაუდო სცენარი პირდაპირი მოქმედებების გარეშე რიტორიკის გამწვავებას გულისხმობს. სემივოლოსის შეფასებით, „ირანს უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო პასუხის გასაცემად შესაბამისი ინსტრუმენტები არ გააჩნია“ — ქვეყნებს საერთო საზღვარი არ აქვთ, აშშ-სთან ნახევარწლიანი ომის შედეგად ირანის ოპერატიული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მისი სამხედრო პოტენციალი სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის რეგიონებში დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული.

„ამ პირობებში ირანის რეაქცია შემოიფარგლება „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებით, გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვებით, ნარატივების კოორდინირებისთვის რუსეთის საინფორმაციო რესურსების გამოყენებით ან გლობალური სამხრეთისა და ევროპის ქვეყნების თვალში უკრაინისთვის „არაპროგნოზირებადი აგრესორის“ იმიჯის შექმნის მცდელობებით“, — წერს სემივოლოსი Facebook-ზე.

მეორე სცენარი ითვალისწინებს ასიმეტრიულ პასუხს „პროქსი-ძალების ან რუსეთის მეშვეობით“, კიბერრესურსებისა და სპეცსამსახურების შესაძლო ჩართულობით.

„ირანს გააჩნია განვითარებული და ფართოდ განშტოებული „ჰაქტივისტური“ დაჯგუფებებისა და სახელმწიფო კიბერაქტორების ქსელი — აღრიცხულია 60-ზე მეტი ასეთი პროფილური ჯგუფი — რაც შესაძლებელს ხდის თავდასხმების განხორციელებას ისე, რომ პასუხისმგებლობის სარწმუნოდ უარყოფა იყოს შესაძლებელი“, — აღნიშნავს სემივოლოსი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამრეწველო მართვის სისტემებისთვის არსებულ საფრთხეებს.

„ვინაიდან ირანული დაჯგუფებები სპეციალიზდებიან სწორედ ფიზიკური ინფრასტრუქტურის — ელექტროქსელების, წყლის გამწმენდი ნაგებობების, მარცვლეულის საცავებისა და ენერგეტიკული ობიექტების — დაზიანებაზე, ასიმეტრიული საფრთხის ეს მიმართულება გაძლიერებულ კონტროლს საჭიროებს“, — განმარტავს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

თუმცა, იგორ სემივოლოსის შეფასებით, ეს ეპიზოდი შესაძლოა კიევისთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს:

„რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობის საკვანძო ობიექტზე დარტყმის დემონსტრირება ვაშინგტონში შესაძლოა უკრაინის მხარდასაჭერ დამატებით არგუმენტად აღიქვან — მით უმეტეს, MAGA-ს გავლენიან წარმომადგენლებს შორის მოულოდნელი პროუკრაინული შემობრუნების ფონზე“.