იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ N18 ციხის საავადმყოფო მოინახულეს, სადაც მათ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ.
ბრეგაძის მტკიცებით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის კლინიკა პაციენტის მისაღებად მზად არის.
“ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა”. – ამბობს იუსტიციის მინისტრი.
რაც შეეხება თამარ გაბუნიას, ის ფიქრობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში არსებული რეანიმაციული განყოფილება სრულიად გამართულია პაციენტის მისაღებად.
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება;
ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ციხის კლინიკის დათვალიერების შემდეგ.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
N18 ციხის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არიან ექსპრეზიდენტის ადვოკატები, მისი პირადი ექიმი და თავად მესამე პრეზიდენტი.