ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას მოუწოდა, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად სახლში დარჩნენ.
,,ძალიან რთულია, რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“,- თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მან საზოგადოებას თხოვა, დაემორჩილონ გამკაცრებულ რეგულაციებს.
,,გუშინ საღამოს ყველამ მოვისმინეთ, რომ ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება თითქოს აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს თითქოს რომ არ გამყარდეს და ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს, დღის 12:00 საათიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში იკრძალება ავტომობილით გადაადგილება გარკვეული გამონაკლისების გარდა. ასევე, სავალდებულოა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.