სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ არ ეთანხმება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას.
“არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას, პს: ვწუხვარ კიდეც”,– წერს ჭალიძე Facebook–ზე.
განცხადებას ინდივიდუალურად ემიჯნება ენმ–ს წევრი ხატია დეკანოიძეც.
დღეს პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე 1 თვე გავიდა, თუმცა ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა.
მათი თქმით, ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წულაიას მიმართ ბრალდებებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.
“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივნის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდაოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე”,– აღნიშნულია განცხადებაში.