ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ემიჯნება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ინდივიდუალურად ემიჯნება 23 ოპოზიციური პარტიის განცხადებას გოგი წულაიასთან დაკავშირებით. მას ხელს ნაციონალური მოძრაობაც აწერს.

დღეს პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე 1 თვე გავიდა, თუმცა ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა.

მათი თქმით, ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წულაიას მიმართ ბრალდებებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.

“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივნის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდაოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე”,– აღნიშნულია განცხადებაში.