ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქოსა და მთავრობის შეთანხმების შემდეგ, დარწმუნებულია მოქალაქეებისა და მრევლის გონივრულობაში, რომ სწორად შეაფასებენ კორონავირუსის რისკებს.
,,ეს არის გარკვეულწილად ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა, ვინაიდან ჩამოთვლილი იყო ძალიან ბევრი რისკჯგუფის წარმომადგენელი, რომლებიც უნდა მოერიდოს ეკლესიაში მისვლას ამ პერიოდში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მრევლის გონივრულობაში. ისინი სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რომლებიც ახლავს COVID-19-ს. რომელი მოქალაქეებიც არიან რისკჯგუფში. შესაბამისად მოხდება მნიშვნელოვნად შემცირება მათი გადაადგილების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აგვარიდებს იმ დიდ რიცხვებს, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ ყოველდღიურად”,- აცხადებს ტიკარაძე.
მისივე თქმით, გამორიცხული იყო რომ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის გაუგებრობა მომხდარიყო, რადგან ექიმები ზრუნავენ მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო შეჯერება, ვინაიდან ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ შორის გამორიცხული იყო, გარკვეული გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით იმ გამოსავლებს, რომლებიც იქნებოდა საუკეთესო როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვისაც”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება – დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.