თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ქვეყანაში 1–2 კვირის დაგვიანებით შემოვა.
“იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით. არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა”,– ამბობს ცერცვაძე პირველი არხის ეთერში.
მისივე თქმით, გარდა კოვაქსპლატფორმისა, „ასტრაზენეკას“ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული 150 000 ვაქცინის შემოტანაზე, რომელმაც შეიძლება დაასწროს „კოვაქსის“ „ფაიზერის“ შემოტანას ან ერთდროულად შემოვიდეს მარტის პირველ რიცხვებში.
“გამოდის ასპარეზზე ახალი მწარმოებელი ფირმები, „ნოვოვაქსი“, „ჯონსონჯონსონი“ და სხვები. ყველაფერი ეს ისახავს ძალიან კარგ პერსპექტივას საქართველოსთვის. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი იქნება პანდემიასთან საბრძოლველად, რადგან თუ ჩვენ შევძლებთ 60%–ის აცრას, ეს არის დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი, ამას დაემატება ის 15%, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. მთელი რიგი გათვლებით, ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციებით, დადგენილია, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80% გვყავს იმუნური ფენა, მაშინ იქ პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საპირისპირო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს დღეებში იქნება.