“სამწუხაროა, რომ ასეთი დეტალების განმარტება საჭირო ხდება საზოგადოებისათვის, მაგრამ… როდესაც პატიმარი პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის აღსაწერი პროფესიონალების კონსილიუმი შედგა, თავიდანვე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის მონაწილეობა. ეს იმდენად ელემენტარული, ბაზისური მოცემულობაა, რომ უხერხულიც არის ამაზე მითითება.
თუ გადახედავთ ნებისმიერ ლიტერატურას შიმშილობის შესახებ, ამაში მაშინვე დარწმუნდებით. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სტიგმა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით აქაც ძალიან ნეგატიური კუთხით წარმოჩინდა. როგორც ჩანს საბჭოთა ფსიქიატრიის მემკვიდრეობამ შესაბამისი დაღი დაამჩნია ქართულ საზოგადოებასაც და სწორედ ამიტომ იყენებდნენ და დღესაც წარმატებით იყენებენ რუსული სპეცსამსახურები ამ უაღრესად მოწყვლად საკითხს გამანადგურებელ იარაღად პიროვნების წინააღმდეგ.
დიახ, განსაკუთრებული სტრესული მდგომარეობის ხელოვნურად შექმნა ორგანულად დაძაბუნებული ადამიანისათვის არის იმ კლასიკური მანიპულაციების ბაზისი, რომლითაც ძალიან ადვილად შეიძლება მსხვერპლის ფიზიკურად მოსპობა. ამიტომ უპირობოდ ვეთანხმები ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს თავის დასკვნაში.
საინტერესოა ვინმე, ოდესმე თუ შეძლებს ობიექტურად შეაფასოს იმ სასტიკი და მასიური აბუჩად აგდების, შეურაცხყოფისა და მუქარის ფიზიკური ზეგავლენა, რაც მასშტაბურად ხდებოდა და ხდება ამჟამად ერთი პატიმარის მიმართ. ალბათ დადგება ეგ დღეც”
წერს ამერიკაში მომუშავე ექიმი ზურაბ გურული Facebook-ზე. ის ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის მოთხოვნას, ექსპრეზიდენტის მკურნალ ჯგუფს შეუერთდნენ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.