ვერ ვხედავ ხმების გადათვლის გზას, რომლითაც რეალურ სურათს დავადგენთ – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპტიმისტურად უყურებს ხმების გადათვლის პროცესს. ჯაფარიძის თქმით, ის ვერ ხედავს ხმების გადათვლის რეალურ ხერხს, რითიც დადგინდება ამომრჩევლის რეალური ნება.

“მე არ მჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი აპირებდეს რაღაც სატყუარის გადაყლაპვას, უბრალოდ მგონია ის უფრო ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკების პროცესს. ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც გზა მოიძებნოს, ისეთი, რომელიც დამაჯერებელი იქნება ოპოზიციისთვისაც და საზოგადოებისთვისაც და ამაზე შეიძლება წამოვიდეს ხელისუფლება.

მე ვერ ვხედავ დღევანდელ რეალობაში ეგეთ გზას, ტექნიკურ გამოსავალს. მარტო აიღო უბნების ოქმები და გადათვალო, შეადარო, სწორად არის თუ არა დაჯამებული ცესკოს ვებგვერდზე, ან თუნდაც შევადაროთ სხვა რაღაცებს, მაგით ვერ დავადგენთ რეალურს სურათს იმისა, თუ რა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნება”,– ამბობს ჯაფარიძე.

ალეკო ელისაშვილი მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს.