საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს გამარჯვებას ეხმიანება.
სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს და “მის პატრონებს მოსკოვიდა” ჩაუფლავდათ მცდელობები, რომ საქართველო ომის დამწყებად გამოეყვანათ.
“ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი, მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად, ეს ჩაუფლავდათ”, – განაცხადა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
მისივე თქმით, ეს არის პირველ რიგში თინა ბურჯალიანის (იუსტიციის მინისტრის უოფილი მოადგილე), ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის დამსახურებაა, რომლებმაც სასამართლოში წასვლის პრეცენდენტი შექმნეს.
“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა [ბიძინა] ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ”,– თქვა სააკაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.