თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული სახე დამტკიცდა.
“გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა.
ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ეს დღე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას”,– აცხადებს ღარიბაშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთი წელი ექნებათ.