მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ცხოვრებს ეკლესიურად – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ლიტურგიაზე ნამყოფი მრევლი თვითიზოლაციაში და ელოდება თუ არა პიკს ამასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ მარტო არ სეგმენტზე არ უნდა ვისაუბროთ, რადგან მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ცხოვრობს ეკლესიურად.

,, ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, ჩემთვის ახლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე. ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიმე სეგმენტზე”, – ამბობს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ლიტურგია მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მრევლთან ერთად ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.